მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე გათხრებისას მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები გამოვლინდა. საქართველოში ნეოლითური ხანის ძეგლებზე მსგავსი სამარხი აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიურ ძეგლ მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს. სამარხში მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა.
აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზე სამარხი აქამდე გამოვლენილი არ ყოფილა. მოპოვებული მასალები დამატებით კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება აღმოჩენის ზუსტი დათარიღება და მისი ისტორიული მნიშვნელობის განსაზღვრა.
არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ონიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე მიხეილ წერეთელი, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და მერის მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჯონი აბულაძემ სტუმრებს აღმოჩენის სავარაუდო დათარიღებისა და მისი სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია და ძვ. წ. VI ათასწლეულით თარიღდება. ნეოლითური პერიოდის ფენებთან ერთად ძეგლზე შუა საუკუნეების კულტურული ფენებიცაა წარმოდგენილი, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრების კვალს ადასტურებს.
აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი წრიული და ოვალური გეგმარების ალიზის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. აღმოჩენილი არტეფაქტები კი უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფას, საქმიანობასა და განვითარების დონეს ასახავს.
მაშავერას გორაზე გამოვლენილი ახალი აღმოჩენა
შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური პერიოდის სამარხეული ტრადიციებისა და უძველესი საზოგადოებების ცხოვრების წესის შესწავლისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ მეორე ქესალოში V-VI საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
