იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უცნობი არქეოლოგიური ნაგებობები აღმოაჩინეს

გუშინ 17:57
48
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ნაგებობები აღმოაჩინეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ნაგებობები აღმოაჩინეს

არქეოლოგიური გათხრების შედეგად იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა და 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა აღმოაჩინეს. კვლევები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევების შედეგად აქამდე უცნობი ნაგებობების ნაშთები გამოვლინდა. აღმოჩენები კომპლექსის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების შესწავლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები დაფიქსირდა.

აღმოჩენილი ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა.

აღმოჩენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს შუა საუკუნეების იყალთოს სამონასტრო კომპლექსის, როგორც მნიშვნელოვანი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის, მასშტაბებსა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

კვლევის პროცესში ასევე გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება არქეოლოგიური ობიექტის პერიოდის დაზუსტება და XIII საუკუნის მიწურულს სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი აქტივობის უკეთ შესწავლა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. კვლევების დასრულების შემდეგ კი გამოვლენილი ნაგებობების კონსერვაცია დაიგეგმება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ