მიტროპოლიტი საბას სიტყვა მისი მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავზე

დღეს 07:42
105
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბა სიტყვას წარმოთქვამს სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე. ფოტო: ნინო სოზაშვილი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბა სიტყვას წარმოთქვამს სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე. ფოტო: ნინო სოზაშვილი

,,მახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია II-ს მისი თანამედროვე და უხუცესი მღვდელმთავრების მიმართ. როგორ განსაკუთრებით იზიარებდა მათ აზრებს და მეგობრობდა მათთან და მე ეს ყოველთვის მახარებდა.''- მიტროპოლიტი საბა.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებისა და მისი მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავზე:

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ეპარქიაში, პირველი შემთხვევაა 30 წლის მანძილზე, როდესაც პრეზიდენტი გვესტუმრა ეპარქიაში.

ბატონო დედაქალაქის მერო,

ბატონო გუბერნატორო, მერებო,

ძვირფასო სტუმრებო, საზოგადოებავ,

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, დიდო მეუფევ, მამაო ჩვენო შიო III,

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!

ამ თემაზე პრეზიდენტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში საზეიმო წირვას დაესწრო
სამტრედიაში საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აღავლინა. პრეზიდენტმა ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს იუბილე მიულოცა და სალოტბარო სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ხარობს დღეს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი და მრევლი, თითოეული ჩვენგანის სული და გული. დადგა ეს ბედნიერი დღე თქვენი უწმინდესობის მობრძანებისა ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში და ეკლესიის სრული სისავსით, მღვდელმთავრებთან და მრევლთან ერთად, აღვნიშნავთ ამ უძველესი ეპარქიის განახლებიდან 30 წლისთავს.

მახსოვს ის დღე ჩემი კურთხევისა, როდესაც პატრიარქმა მომმართა სიტყვით და ასეთი რამ მითხრა: „შენ ნუ გეგონება, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურე, ეს არის ღვთის დიდი მადლი და წყალობა. სულმა წმინდამ შენ დღეს გაკურთხა ეპისკოპოსად და დაგადგინა იმ უძველესი ეპარქიის მმართველად, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეკლესიის წიაღში ღირსეულ საქმიანობას ეწეოდა. შენ დღეიდან ვალდებული ხარ, იზრუნო იმისთვის, რომ ამ ეპარქიის ყოველი წევრი, ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს“.

მე ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვს, რამდენად ვასრულებ, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის ტვირთი, რომელიც პატრიარქმა დამაკისრა.

30-ჯერ აღვნიშნეთ ეპარქიაში ეს თარიღი, აქედან ორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ბედნიერი. პირველი – 2011 წლის 3 ნოემბერი, როცა ეპარქიაში ჩამობრძანდა 15-წლისთავზე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II და იმ დღეს იკურთხა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეს დიდებული ტაძარი; მეორე – 15 წლის შემდეგ დღევანდელი დღე, როცა ჩვენთან ჩამობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი შიო III.

2011 წელს, როცა მორიგ ჯერზე მოვიწვიე უწმინდესი ილია II, ის დათანხმდა ჩვენთან ჩამობრძანებას, თუმცა იყო გარკვეული წინააღმდეგობები. პატრიარქმა ჩემი შფოთვა რომ შეამჩნია, დამიძახა, მამობრივი სიყვარულით გულში ჩამიკრა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ჩამოვალ შენთან“. ის ჩამობრძანდა და უდიდესი ნუგეში და სიყვარული ჩამოიტანა და მაშინ მე მას პირველმა ვუწოდე „სიყვარულის პატრიარქი“. ის კი ცრემლმორეული აღნიშნავდა: „განა შეიძლებოდა, რომ მე აქ არ ჩამოვსულიყავი და არ მენახა ეს დიდებულება?“. ამ ტაძრის ადგილიც და სახელწოდებაც ხომ მისი შერჩეული იყო, ჯერ კიდევ 1990 წლის ვიზიტის დროს!

და აი, ისტორია განმეორდა – გავიდა 15 წელი და ახლად არჩეულმა პატრიარქმა შიო III-მ, როცა ვთხოვე მას ჩამობრძანება, გულში ჩამიკრა და მითხრა: „აუცილებლად ჩამოვალ“. და ის ჩამობრძანდა და თქვენ ხედავთ, რა დიდი სიხარულია ეპარქიაში.

ცოტა უკან მინდა, გავიხედო. ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ეკლესიაში, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ნეტარხსენებული დიდი პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლის შედეგია. მინდა, გავიხსენო მისი ბრძნული და წინასწარმეტყველური გამონათქვამებიდან რამდენიმე: „მე მიყვარს საქართველო და არ ვიცი, საქართველოა ჩემში, თუ მე ვარ საქართველოში“.

„მე არ გამიყვანს უფალი ამა სოფლიდან, ვიდრე საქართველოს არ გავაერთიანებ და არ გავიყვან სამშვიდობოს“.

„მე ვიდრე წავალ, საქართველოში ხელისუფლებაში მოვა ჩემი მრევლის წევრები“.

და მოგვმართა მღვდელმთავრებს: „თუ უფალი დღესვე წამიყვანს, მშვიდად ვიქნები, რადგან თქვენ გტოვებთ ეკლესიაში“.

პატრიარქი ილია II მშვიდად წაბრძანდა ზეციურ სასუფეველში. არც თვითონ იწვალა და არც ჩვენ გვაწვალა. ეს მომენტი უცებ დადგა და ამ რეალობაში სწრაფად აღმოვჩნდით. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ცხოვრება მის გარეშე. იყო დიდი ტკივილი და სევდა, მაგრამ ყველანი ვგრძნობდით, რომ მალე დიდი სიხარული და ერთობა მოვიდოდა. და ასეც მოხდა. ყველა ზემოთქმული სიტყვა პატრიარქ ილია II-ისა აღსრულდა. ბევრი ამბობდა, პატრიარქ ილია II-ის შემდგომ ახალი პატრიარქი მის ჩრდილში იქნებაო. არა, ასე არ მოხდა! ახალი პატრიარქი შიო III მის ჩრდილში კი არა, მის ფრთებქვეშ, მის მადლში აღმოჩნდა და თითქოს ნეტარხსენებული ილია II მიუძღვის მას წინ და გზას უკვალავს. საოცრებები ხდება დღეს საქართველოში.

ჩვენ ხშირად პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობას ვადარებთ წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ცხოვრებას. მოსემ 40 წელი ატარა ღმრთის რჩეული ებრაელი ერი უდაბნოში და ვიდრე თაობები ცოდვით დაცემის შემდეგ არ განიწმინდნენ და გამოიცვალნენ, აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდნენ. უფრო მეტიც, თვით მოსეც კი ვერ შევიდა ამ ქვეყანაში. ეს მისმა მოწაფემ, ისუ ნავეს ძემ განახორციელა. ჩვენც ახლად არჩეულ პატრიარქში, შიო III-ში ვხედავთ სწორედ ისუ ნავეს ძეს და ღრმად გვწამს, რომ მომზადებულ და გაერთიანებულ ერსა და ეკლესიას, მსგავსად წინამორბედ ღირსეულ პატრიარქ ილია II-ისა, ისიც ღირსეულად წარუძღვება, ღვთისა და სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე.

დიახ, ჩვენ ავირჩიეთ ახალი პატრიარქი შიო III. ამ საქმეში გამოუცდელნი ვშიშობდით, ვიბრძოდით და ღმრთის მადლითა და პატრიარქ ილია II-ის ლოცვით ღირსეულად გავართვით თავი არჩევნებს. ეს ყველას გახსოვთ. და ავირჩიეთ ღირსეული პატრიარქი შიო III. აღსრულდა ნება ღმრთისა და ანდერძი პატრიარქ ილია II-ისა. ჩვენთვის არ იყო ძნელი იმის წარმოდგენა ამ რეალობაში, თუ რა წარმატებები იქნებოდა პირველივე დღიდან შიო III-ის პატრიარქობისა. თუმცა ვიტყვი, სხვა რეალობა ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა (რადგანაც აქვე განვმარტავ ჩემს სიტყვებს, რომელიც ხანდახან არ მოსწონს ხოლმე ზოგს): იქ, სადაც ვერ ან არ სრულდება ნება ღმრთისა, ვერანაირი წარმატებაც ვერ იქნება. პატრიარქ შიოს წარმატებებს კი ყველა ვხედავთ და ვხარობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვმადლობთ ღმერთს და ჩვენს პატრიარქ შიო III-ს ვულოცავთ პატრიარქად არჩევას.

მე ბევრი ვისაუბრე ამის შესახებ არჩევამდეც და არჩევის შემდეგ. ბევრს მოსწონდა ჩემი ნათქვამი, ცოტას კი – არა. ბევრი რამეც დამაბრალეს, თითქოს გამორჩენას ველოდი ამ მოცემულობიდან, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მე და ბევრმა სხვამ ვიბრძოლეთ ღმრთის ნებისა და პატრიარქ ილია II-ის ანდერძის აღსრულებისთვის. ჩვენ ასე გვესმის პატრიარქის ერთგულება. ამასთან ერთად, ეს იყო ბრძოლა ეკლესიისა და ქვეყნის ერთიანობისა და გადარჩენისათვის. და არ არის ეჭვი, რომ შიო III ამას მიუძღვნის მთელ თავის მოღვაწეობას.

ჩემი დამოკიდებულება პატრიარქ შიო III-ისადმი კი ასეთია: მე 30 წელი მღვდელმთავრობისა ვიყავი ერთგული ჩემი პატრიარქისა, ილია II-ის. არც ერთხელ არ განმიკითხავს იგი და ეჭვქვეშ არ დამიყენებია მისი არცერთი სიტყვა და ქმედება, განსაკუთრებით მისი ანდერძი მიტროპოლიტ შიოს პატრიარქობაზე. იოანეს სახარებაში იოანე ნათლისმცემელი ბრძანებს: „თქვენ თვით მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისა. რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს. ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმისა სიძისათა, ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. მისა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.

მოკლედ, მე არასოდეს მდომებია არანაირი პრივილეგია, მე ყოველთვის მინდოდა პატრიარქისადმი ერთგული მსახურება და ვემსახურე კიდეც მას. ახლა კი, ჩვენო ძვირფასო პატრიარქო შიო, მიიღეთ ჩემი და მთელი ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასის და მრევლის ერთგული და თავგანწირული მსახურება.

ჩვენ არასოდეს გიღალატებთ!

რატომ? მოგახსენებთ და ისევ სახარებას დავუბრუნდები, სადაც იოანე ნათლისმცემელზეა საუბარი: „და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული“.

დიახ, თქვენ მომზადებული და განსწავლული პატრიარქ ილია II-ის მიერ, მისი სულიერი გამოცდილებით და ცოცხალი მაგალითით, ღრმად გვწამს, რომ გააგრძელებთ მის გზას და ღირსეულად უწინამძღვრებთ ერსა ჩვენსა და ეკლესიას. თქვენ მრავალი ღირსებითა და სათნოებით ხართ შემკული, ამიტომაც ამოგირჩიათ ღმრთის განგებით თქვენმა წინამორბედმა პატრიარქმა. ის, როგორც ყოველთვის, არც ახლა შემცდარა და თქვენ ამ რთულ გზაზე ერიც მომზადებული დაგიყენათ, ერი სიყვარულით და მადლიერებით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით.

იმდენი რამე მინდა გითხრათ, მაგრამ თავიც არ მინდა მოგაბეზროთ.

მახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია II-ს მისი თანამედროვე და უხუცესი მღვდელმთავრების მიმართ. როგორ განსაკუთრებით იზიარებდა მათ აზრებს და მეგობრობდა მათთან და მე ეს ყოველთვის მახარებდა. ახლა კი მე განსაკუთრებით გახარებული ვარ იმით, რომ შემიძლია თამამად ვთქვა: ჩემი პატრიარქი ჩემი მეგობარია და მე მისი თანამებრძოლი ვარ!

დაბოლოს, როცა პატრიარქის არჩევნები იყო, მე მქონდა დაკისრებული გარკვეული მოვალეობა, მათ შორის, წესრიგის დაცვა. ამას ასე თუ ისე ვასრულებდი, მაგრამ როდესაც გამოცხადდა მეოცე ხმა თქვენ სასარგებლოდ და ამაში ეჭვიც კი არ მეპარებოდა, პირველმა დავარღვიე წესრიგი და ვიყვირე: „მეუფე შიო პატრიარქია და ღირსია!“.

და თუ კრებაზე ეს საქციელი შენიშვნას იმსახურებდა, აქ, ჩემს ეპარქიაში, დღეს თქვენ წინაშე ვინ დამიშლის, რომ კიდევ ერთხელ და მრავალგზის ვიყვირო: ჩვენი პატრიარქი შიო III ამ მძიმე ჯვრის ღირსეული მტვირთველია, რომ ის ღირსეული პატრიარქის, ილია II-ის ღირსეული გამგრძელებელია!

აქსიოს!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიის ეპარქიაში მიბრძანდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ