საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში

დღეს 07:39
77
უწმინდესისა და უნეტარესი შიო III. ფოტო: sazu უწმინდესისა და უნეტარესი შიო III. ფოტო: sazu

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წირვა სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავზე:

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო დედაქალაქის მერო,
ბატონო გუბერნატორო,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფე საბა,
ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს – ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს, ასევე, ძვირფასო მეუფევ, თქვენი ეპისკოპოსად ხელდასხმის 30 წლისთავს და ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის 15 წლისთავს.
მართლაც, მთელი ეპოქაა 30 წელიწადი, რომელმაც ძირეულად შეცვალა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ცხოვრება. ალბათ იცით, რომ როდესაც მეუფე საბა მობრძანდა ამ ეპარქიაში, სულ რვა ტაძარი მოქმედებდა და ხუთი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, მონასტრები კი საერთოდ არ იყო. ამ 30 წელიწადში თითქმის ოთხმოცდახუთი ტაძარი ან უკვე აშენდა, ან მშენებლობის პროცესშია. ეპარქიაში ორმოცამდე სასულიერო პირი მსახურობს, გამრავლდა მონასტრების რიცხვიც.
ამ თემაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიის ეპარქიაში მიბრძანდა
უწმინდესი და უნეტარესი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
ამ 30 წელმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაშიც და ქვეყნის, საზოგადოების ცხოვრებაშიც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ძვირფასო მეუფე, წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა და სათნოების სახლი. მათი საქმიანობა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატულება განათლებაზე, ჩვენს მომავალ თაობასა და მოყვასზე.
რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლების ფუნქციონირებაც. დღეს უნდა გავხსნათ სამტრედიის წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის შენობაც. ეს კერები ემსახურება ქართული გალობისა და სიმღერის, ჩვენი დიდი კულტურის გადარჩენასა და პოპულარიზაციას.
მინდა, შეგახსენოთ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანდებოდა ამ შესანიშნავი ტაძრის გახსნაზე, მან თავის ქადაგებაში გაიხსენა ცნობილი ბიბლიური სიტყვები: „ჟამი არს შენების, ჟამი არს ნგრევის“ (ეკლ. 3, 3) და შემდეგ მადლობა შესწირა ღმერთს, რომ მისი პატრიარქობის პერიოდი უფალმა აკურთხა აღმშენებლობის ჟამით.
ძვირფასო მეუფე, დღეს ბევრი ვართ აქ თქვენი ძმები, ახლო მეგობრები, ვხარობთ, რომ თქვენი მსახურება, თქვენი პიროვნება არის იმ დიდი აღმშენებლობის ნაწილი, თქვენ ბრძანდებით თანამოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის მიერ წარმართული ამ დიდი აღმშენებლობისა. ამისთვის გმადლობთ, მეუფე, და გლოცავთ დიდი სიყვარულით.
საერთოდ, ეკლესიის ყველა მოქმედება აღსრულდება სულების აღსაშენებლად, იესო ქრისტესთვის, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ყველაფერი აღსაშენებლად იქმნებოდეს“ (1 კორ. 14, 26). ამიტომ ქრისტიანის ცხოვრება არა მხოლოდ ტაძრის კედლებში, არამედ ტაძრის გარეთაც დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიურ ცხოვრებასთან. „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ღვთის სადიდებლად იქმოდეთ ამ ყველაფერს“ (1 კორ. 10, 31), – ბრძანებს იგივე მოციქული.
ნამდვილი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ეძიებდეს ყოველთვის იმას, თუ რით ემსახუროს ღმერთს; ეცადოს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს.
სწორედ ამას შეგვახსენებს დღეს წაკითხული სახარებაც. დღეს მოვისმინეთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს“ (ლკ. 9, 23). აი, ეს არის სულის გადარჩენის ერთადერთი გზა!
რას ნიშნავს „უარყავ თავი თვისი“?! – ეს ნიშნავს, რომ უნდა უარვყოთ ყოველგვარი ცოდვა და მანკიერება ჩვენში, უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ სურვილზე, რომლებიც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; როცა მე მინდა სხვა რამ, ვიდრე ის, რასაც მთხოვს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ადამიანი მზად არის ასეთი უარყოფისთვის, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ.
რას ნიშნავს „აიღე შენი ჯვარი“?! – ეს ნიშნავს, რომ დავითმინოთ ყველა ის ყვედრება, შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა, რასაც ახორციელებს ეს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი მორწმუნის მიმართ. დავითმინოთ ასევე ის უხილავი ღვაწლი, შრომა, თუ გნებავთ, მოწამეობაც, როგორც წმინდა მამები ამას უწოდებენ, რაც ახლავს ჩვენს დაცემულ ბუნებასთან ბრძოლას, ჩვენს სხეულთან, ჩვენს ცოდვებთან, ჩვენს ვნებებთან ბრძოლას, ასევე, რაც ახლავს ბრძოლას ეშმაკთან და ბოროტ სულებთან, რომლებიც გააფთრდებით ებრძვიან ქრისტიანს.
„აიღო ჯვარი“ ნიშნავს ასევე – სიმდაბლით, მორჩილებით მივიღოთ ღვთისაგან ჩვენი ცოდვების განსაწმენდელად, საკურნებელად მოვლენილი, დაშვებული მწარე წამლები სხვადასხვა განსაცდელის თუ მწუხარების სახით.
 ამბობს უფალი „ჯვარი შენი“? იგი ამბობს სიტყვას „შენ“. „ჯვარი შენი“ ნიშნავს, უნდა იტვირთო სწორედ ის, რაც ჩამოვთვალე და რასაც ეკლესიის მამები „მცირე ჯვრებს“ უწოდებენ – სწორედ ის ჯვარი, რომელიც შენია, მხოლოდ შენ დაგადო უფალმა და მხოლოდ შენ უნდა ზიდო. ვინც ტვირთულობს თავის ჯვარს ამგვარად – თავის უარყოფით, თავგანწირულად – ასეთი ადამიანი ურიგდება თავის თავს, თავის შინაგან თუ გარეგნულ გარემოებებს, თავის მდგომარეობას და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია გონივრულად და სწორად აიღოს ქრისტეს ჯვარი და შეუდგეს უფალს.
და კიდევ ერთი, რაც მინდა ვთქვა, რასაც ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელი სახარების ბოლოს. ეს ეპიზოდი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „რას არგებს ადამიანს, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს, თავის თავს კი დაკარგავს და ავნებს?!“ (ლკ. 9, 25), რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?!
ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის, თუ გნებავთ, ქვეყნისთვისაც.
რა თქმა უნდა, ასე ფიქრი ძალიან დიდი შეცდომა და სულიერი ცხოვრების კანონების არცოდნაა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ, პირიქით, ასეთი შემოსავალი დასასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს.
ახლა აღარ ჩამოვთვლი, ამის ბევრი გზა და საშუალება არსებობს. მეტსაც გეტყვით, წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ამ ცოდვის არსებობას და ჩადენას.
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს“ (ლკ. 9, 23).
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ძვირფასო მეუფე საბა, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თქვენი მსახურება, მოღვაწეობა არის სწორედ ასეთი ღვთისთვის თავგანწირვის მაგალითი.
მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ამისთვის მადლობა, დაგლოცოთ მთელი გულით, სიყვარულით; გისურვოთ ჯანმრთელობა და შემდგომი დიდი წარმატებები.
თქვენთან ერთად, მინდა, დავლოცო ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი, ვინც მონაწილეობს ამ სულიერ აღმშენებლობასა და საეკლესიო ცხოვრების განვითარებაში.
ნიშნად ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემისა, მინდა, გიძღვნათ პანაღია მაცხოვრის გამოსახულებით.
უფალი იყოს თქვენი და თქვენი ეპარქიის მფარველი და შემწე!
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა შემოგწიროთ, მეუფე, შესანიშნავი საჩუქრისთვის – ამ ჯვარ-პანაღიისა და კვერთხისთვის.
დღეს ასევე ვაჯილდოებთ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელოებას. მათ ასევე გადაეცემათ სპეციალურად საიუბილეოდ დამზადებული ჯვრები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს ხონისა და სამტრედიის ეპარქია!
ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!''
ქადაგების დასასრულს, სამღვდელოების დაჯილდოების ბოლოს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი სამადლობელი სიტყვა, რის შემდეგაც უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას ეს ღირსშესანიშნავი დღე და დალოცა.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ