ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა

დღეს 14:43
6
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში საზეიმო კვირეული გაიმართა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში საზეიმო კვირეული გაიმართა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საზეიმო კვირეული საგანმანათლებლო შეხვედრებს, კინოჩვენებასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და 25 ოქტომბერს დასრულდა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში საზეიმო კვირეული გაიმართა.

კვირეულის განმავლობაში მოწვეულმა თეოლოგებმა, აკაკი მინდიაშვილმა და გიორგი გვასალიამ, ორივე მუნიციპალიტეტის ცენტრებსა და სოფლებში ლექცია-სემინარები ჩაატარეს. გაიმართა მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრული ფილმის „ტერცო მონდო“ ჩვენებაც, რომელიც აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული.

ამ თემაზე კაცხის სვეტობისადმი მიძღვნილი ფეხით მსვლელობა გაიმართება
წმინდა სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს მრევლი ღირსი მამა გაბრიელის ტაძრიდან კაცხის სვეტამდე ფეხით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას.

კვირეულის დასკვნითი დღე, 25 ოქტომბერი, ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიით დაიწყო. მოგვიანებით, ჭიათურის კულტურის ცენტრში მაია ტყემალაძის ორგანიზებით გამოფენა გაიმართა, ხოლო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ღონისძიება წარმოადგინა.

საზეიმო პროგრამა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე სასკოლო და კულტურულ-შემოქმედებითი გაერთიანებების გუნდები და ქორეოგრაფიული ანსამბლი წარდგნენ. სხვიტორის შემდეგ მონაწილეებმა სოფელ ივანწმინდაში გადაინაცვლეს, სადაც ცენტრალური გზის მიმდებარედ ნერგები დარგეს.

დღე სოფელ ჭორვილაში, „შატო იმერეთში“, შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ ჭიათურისა და საჩხერის შემოქმედებითი გუნდები, ინდივიდუალური შემსრულებლები და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩანგი“.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ ორივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტში რეგიონის დელეგატი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, საზოგადოება „ივერიისას“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ ახალია, ფილოლოგი და თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი, მწერალი და ფილოლოგი მაკა ჯოხაძე, გამომცემელი შორენა შავერდაშვილი, რეჟისორი და სცენარისტი თამარ მახარაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მენეჯერი ნატალია ბოჭორიშვილი, დიპლომატი კახა ჩიტაია და ხატმწერი დათი კაკაბაძე.

საზეიმო კვირეული ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რაჭა-ლეჩხუმში სამდღიანი მოლოცვა 200-მდე ადამიანმა 1700 წლის იუბილეს მიუძღვნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ