20 ოქტომბერს ეკლესია წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენებას აღნიშნავს

დღეს 10:11
12
წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი ხელაია წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი ხელაია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ სიცოცხლე ეკლესიის, სამშობლოსა და ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნა.

20 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსი აღმსარებლის — ამბროსი ხელაიას ხსენებას აღნიშნავს. მისი მოღვაწეობა მოიცავდა როგორც სამღვდელმთავრო მსახურებასა და საგანმანათლებლო საქმიანობას, ისე საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული ხელნაწერების შესწავლას.

ამბროსი ხელაია, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია, 1861 წლის 7 სექტემბერს სამურზაყანოში, ილორის ეკლესიის მღვდლის, ზოსიმე ხელაიას ოჯახში დაიბადა. პირველადი განათლება ოჩამჩირის სამრევლო სკოლაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1872 წელს, უმცროს ძმასთან, გიორგისთან ერთად სწავლა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1879 წელს ძმები თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხნენ. ბესარიონმა სემინარია 1885 წელს დაამთავრა.

ამ თემაზე ამბროსი ხელაია – რეალურ ოკუპაციასთან პირისპირ
საქართველოს ეკლესიისა და ერის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კათალიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა სამშობლოს თავისუფლებისა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა.

1887 წლის დასაწყისში ბესარიონ ხელაია ელიზავეტა, იგივე კესარია მერჭულეზე დაქორწინდა. იმავე წლის 25 მარტს იგი სოხუმის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 19 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში განაწესეს.

1892 წლიდან მისი მსახურება კვლავ სოხუმს დაუკავშირდა. სხვადასხვა დროს იგი იყო სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელი, ეპარქიის ხაზინადარი, გუდაუთის უბნის მთავარუხუცესი და საკათედრო ტაძრის კანდელაკი. სამრევლო საქმიანობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საგანმანათლებლო ცხოვრებაში: ასწავლიდა სოხუმის მთიელთა სკოლაში და ზედამხედველობდა სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის სამრევლო სკოლებს.

აფხაზეთში მსახურების პერიოდში ბესარიონ ხელაია ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიის რუსიფიკატორულ პოლიტიკას. იგი პრესაშიც გამოდიოდა და იცავდა ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინტერესებს.

1896 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1897 წლიდან, მან სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1900 წლის 11 თებერვალს ბერად აღიკვეცა და სახელად ამბროსი ეწოდა. აკადემიის დასრულების შემდეგ, 1901 წელს, საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ფერისცვალების მონასტერში განაწესეს, მოგვიანებით კი მონასტრის დროებით მმართველად დაინიშნა.

1902 წლის 29 იანვარს ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, ხოლო იმავე წლის 3 მარტს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. ჭელიშში მოღვაწეობისას მან ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ — მანამდე უცნობი ხელნაწერი აღმოაჩინა. ჭელიშური ნუსხის გამოვლენამ მნიშვნელოვანი მასალა შესძინა საქართველოს საეკლესიო ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის კვლევას.

მის სამეცნიერო ინტერესებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაცულ სიძველეებს. რაჭა-ლეჩხუმში მოძიებული მასალების საფუძველზე მომზადებული წერილების სერია — „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ — 1915–1917 წლებში ჟურნალებში „განთიადი“ და „ცხოვრება“ გამოქვეყნდა.

1921–1927 წლებში ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო. ქვეყნისა და ეკლესიისთვის მძიმე ისტორიულ პერიოდში მისი მსახურება სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მაგალითს წარმოადგენდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი 1927 წლის 29 მარტს, ძველი სტილით 16 მარტს, თბილისში გარდაიცვალა. საქართველოს ეკლესია მას წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელით მოიხსენიებს. მისი სულიერი, საზოგადოებრივი და სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს საეკლესიო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 7 სექტემბერს ეკლესია წმინდა მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ისენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ