დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას გამოეხმაურა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის შეზღუდვა საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა და ლიტურგიკული წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 15 ოქტომბრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტელეკომპანიების — „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ — წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის არმინიჭებას შეეხებოდა.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქარტიის შეფასება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას გადაწყვეტილების მიზეზები სრულყოფილად უნდა შეესწავლა, მათ შორის, განმარტებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგანაც მოეთხოვა.
მის მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, ქარტიამ საპატრიარქოს გადაწყვეტილება საგანგაშოდ მიიჩნია და ნოდარ მელაძის არგუმენტაციას დაეყრდნო. ამ პოზიციის მიხედვით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი არ განემარტა, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი იყო მითითებული. ქარტიამ აკრედიტაციის შეზღუდვა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაუსაბუთებელ ხელშეშლად შეაფასა.
საპასუხოდ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება ხსენებული ტელეკომპანიების წარმომადგენელთა მხრიდან საეკლესიო დღესასწაულებზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა.
მისი განცხადებით, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ჟურნალისტები თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, მიკროფონებითა და კამერებით ტაძრის ეზოში მისდევდნენ მსახურებისთვის მისულ სასულიერო პირებს და ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას ქმნიდნენ.
„ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას, დაარღვიოს ღვთისმსახურების წესი, უგულებელყოს სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა უფლებები და უპატივცემულოდ მოეკიდოს მათ“, — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან განმარტა, რომ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა ან ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელშეშლა არ ყოფილა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ლიტურგიკული წესრიგისა და მორწმუნეთა ინტერესების დასაცავად მიიღეს.
განცხადებაში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ყურადღება გაამახვილა ქარტიის დეკლარირებულ მისიაზეც, რომელიც პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას გულისხმობს. მისი შეფასებით, ორგანიზაციას მეტი ყურადღება უნდა დაეთმო ჟურნალისტთა პროფესიული ქცევისა და იმ ვიდეომასალების შესწავლისთვის, რომლებიც სასულიერო პირებთან ჟურნალისტების ურთიერთობის შესახებ კითხვებს აჩენდა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხებზე ქარტიისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს. თუმცა, მისი თქმით, ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა დროს გადაღებული სიუჟეტები და ვიდეომასალები ხელმისაწვდომი იყო და პროფესიული ეთიკის თვალსაზრისით შეფასებას საჭიროებდა.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქარტიის პირველ და მეოთხე პრინციპებზეც მიუთითა, რომლებიც სიმართლის პატივისცემას, საზოგადოების ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და ინფორმაციის მოპოვებისას სამართლიანი და კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას ეხება. მან დასვა კითხვა, რამდენად ითვალისწინებდა ორგანიზაცია ამ პრინციპებს სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტთა ქცევის შეფასებისას.
მისი შეფასებით, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პროფესიული ეთიკის დარღვევებზე თვალის დახუჭვასა და პასუხისმგებლობისგან უპირობო გათავისუფლებას არ უნდა გულისხმობდეს. მან ქარტიის განცხადებას მიკერძოებული უწოდა და ორგანიზაცია საპატრიარქოს არგუმენტებისთვის არასათანადო ყურადღების დათმობაში გააკრიტიკა.
განცხადების დასასრულს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რიტორიკული კითხვა დასვა: „ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ.
