ამბროსი ხელაია – რეალურ ოკუპაციასთან პირისპირ

23 სექტემბერი 2025 20:07
432
ამბროსი ხელაია. ფოტო: ღია წყარო ამბროსი ხელაია. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს ეკლესიისა და ერის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კათალიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა სამშობლოს თავისუფლებისა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და დაასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეკლესია, რომელიც ერისთვის სულიერი და ეროვნული ერთიანობის საფუძველს წარმოადგენდა, იურიდიული ძალის არმქონე ინსტიტუტად გამოაცხადეს. მიუხედავად დევნისა, პატრიარქი ამბროსი რჩებოდა ხალხის წინამძღოლად და ცდილობდა დაეცვა როგორც სარწმუნოება, ისე ეროვნული თვითშეგნება.

პატრიარქი ამბობდა:
„დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია. უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეა სამარადისო და შეურყეველია. მართალია დღეს ხელისუფლებაში უკანონოდ გვყავს საბჭოთა რეჟიმი, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეინარჩუნოს ეროვნულობა და საოკუპაციო ძალაც ეროვნულმა ეკლესიამ უნდა დაგვამარცხებინოს.“

ეს სიტყვები ნათლად გამოხატავდა მის ხედვას – ეკლესია უნდა დარჩენილიყო ერის სულიერი საყრდენი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.

პატრიარქმა ამბროსიმ სიმამაცით ამხილა რუსეთის იმპერიალიზმი. 1922 წელს მან ჟენევის საერთაშორისო კონფერენციას გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც რუსეთი მსოფლიოს წინაშე ოკუპანტად და კოლონიზატორად გამოაცხადა. ეს ქმედება უმძიმეს დროს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად გამორჩეული ნაბიჯი იყო.

1924 წლის 19 მარტს ჩეკისტებმა კათალიკოსი დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის წლების განმავლობაში სასტიკად აწამეს, აიძულებდნენ რუსეთი ბატონად ეღიარებინა, თუმცა ვერ გატეხეს. ამ პერიოდის მისი შეუვალი სიტყვები ისტორიაში სამუდამოდ დარჩა:

„სული – ღმერთს, გული – სამშობლოს, ხორცი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

1927 წლის 22 მარტს საბჭოთა ხელისუფლების წაქეზებით დროებით მმართველობაში მყოფმა ეკლესიის წევრებმა პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენეს. ამ დარტყმამ და მრავალწლოვანმა ტანჯვამ ის ჯანმრთელობით დაუძლურდა – ამბროსიმ მეტყველება დაკარგა და 29 მარტს გარდაიცვალა.

კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) დარჩა როგორც სიმამაცის, სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო. მან საკუთარი სიცოცხლე მამაცად დადო თავისუფლებისთვის და დაამტკიცა, რომ სულიერი ლიდერის ხმა ოკუპაციასაც კი აღემატება.

მისი მაგალითი დღესაც გვახსენებს: ერის ერთიანობა და რწმენა არის ძალა, რომელსაც ვერანაირი ძალადობრივი რეჟიმი ვერ ამარცხებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ