მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს

2824
20 თებერვალი 15:03
25
სოლომონ II (1789-1810). ფოტო: ღია წყარო სოლომონ II (1789-1810). ფოტო: ღია წყარო

უკანასკნელი მირონცხებული მეფე საქართველოსი – სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლი და უცხო მიწაზე გარდაცვლილი მონარქი.

20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს – იმერეთის უკანასკნელ მირონცხებულ მეფეს, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირა.

სოლომონ II (დავით არჩილის ძე) 1772 წელს დაიბადა. იგი იყო ერეკლე II-ის შვილიშვილი. 1789 წლის 11 ივლისს, ხონის მახლობლად გამარჯვების შემდეგ, იმერეთის ტახტზე ავიდა და ბიძის პატივსაცემად სოლომონ II ეწოდა. მისი მეფობა ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში წარიმართა — ქვეყნის შიგნით თავადთა დაპირისპირებები, ხოლო გარედან ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მზარდი ზეწოლა.

მეფე სოლომონი აგრძელებდა სოლომონ I-ის სახელმწიფოებრივ კურსს და იბრძოდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისთვის. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1795 წლის კრწანისის ბრძოლაში, სადაც იმერეთის 3000-კაციანი ლაშქრით დაეხმარა ერეკლე II-ს. ბრძოლაში იმერელთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა.

რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და დასავლეთ საქართველოს სამთავროების რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ, იმერეთის სამეფო მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. 1804 წელს, რუსული ჯარის ზეწოლით, სოლომონ II იძულებული გახდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის უფლებამოსილებას და იმერეთს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აქცევდა.

მიუხედავად ამისა, მეფე არ შეურიგდა ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას. იგი არაერთხელ მიმართავდა იმპერატორს წერილობით, ამხელდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას და რუსი მოხელეების მხრიდან ჩადენილ უსამართლობებს. მისი სასახლე ქუთაისში დაანგრიეს, სამეფო უფლებები შეიზღუდა, ხოლო სამეფო კარზე შეურაცხმყოფელი ქმედებები ხორციელდებოდა. სოლომონი ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, თუმცა ძალთა უთანასწორობამ საბოლოოდ თავისი შედეგი გამოიღო.

სოლომონ II იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. უკანასკნელი მირონცხებული მეფე საქართველოსი 42 წლის ასაკში, უცხო მიწაზე გარდაიცვალა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებული ღვაწლის გამო, 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა სოლომონ II წმინდანად შერაცხა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სხვადასხვა ეპარქიებმა მფარველი წმინდანის ხსენების დღე მიულოცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ