ქალაქ რენეში საღვთო ლიტურგია აღევლინა

2824
05 ოქტომბერი 12:31
7
საღვთო ლიტურგია. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში საღვთო ლიტურგია. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

ღვთისმსახურების დასასრულს დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლს ქრისტიანული სიყვარულის, ურთიერთმიტევებისა და თანადგომის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

3 ოქტომბერს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში საღვთო ლიტურგია აღევლინა.

ღვთისმსახურებას უძღვებოდა დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი, თანამსახურებდა მღვდელი დავით ადამაშვილი.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონმა მრევლს მიმართა და ქრისტიანული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სათნოებებზე — სიყვარულზე, ურთიერთმიტევებაზე, მოთმინებასა და ერთმანეთისადმი თანადგომაზე ისაუბრა.

ამ თემაზე რენეში ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარი მომლოცველებისთვის ღია იქნება
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, რენეში, მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ტაძარი 12:00 საათიდან მომლოცველებსა და ყველა მსურველს უმასპინძლებს.

ქადაგებისას დეკანოზმა მრევლს სამი მეთევზის შესახებ იგავი მოუყვა. მან აღნიშნა, რომ სამი მეთევზე, მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებებისა, ერთ ნავში იმყოფებოდა და ერთი მიზანი აერთიანებდათ. მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ წყენამ იმდენად გააღრმავა ურთიერთობა, რომ საუბარიც კი შეწყვიტეს. თუმცა, როდესაც ზღვაში ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა და მათი ნავი საფრთხეში აღმოჩნდა, მათ გააცნობიერეს, რომ მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეძლებდნენ გადარჩენას.

იგავში ერთ-ერთი მეთევზის სიტყვებით — „ჩვენ შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ ერთი ნავი გვაქვს“ — დეკანოზმა ხაზი გაუსვა ადამიანთა ურთიერთობის მნიშვნელოვან ქრისტიანულ ჭეშმარიტებას: მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებებისა, ქრისტეში ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან.

დეკანოზმა სპირიდონმა აღნიშნა, რომ წყენა და განკითხვა ადამიანს ერთმანეთისგან აშორებს, ხოლო სიყვარული, მიტევება და თანადგომა ადამიანებს აერთიანებს. მისი თქმით, ქრისტიანის ძალა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ მას არასოდეს ეწყინოს, არამედ იმაში, რომ შეძლოს წყენის დაძლევა, პატიება და სიყვარულის შენარჩუნება.

ქადაგებისას ასევე აღინიშნა, რომ ურთიერთმიტევება არა მხოლოდ სხვა ადამიანის გათავისუფლებას ემსახურება წყენისგან, არამედ თავად ადამიანის გულსაც ათავისუფლებს. ქრისტიანული სიყვარული განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანს უჭირს პატიება, თუმცა მაინც სიყვარულის არჩევას ცდილობს; როდესაც წყენას სიძულვილით არ პასუხობს და განკითხვის ნაცვლად სხვისთვის ლოცულობს.

დეკანოზმა სპირიდონმა მრევლს წმინდა სახარების სიტყვებიც შეახსენა:

„ამით გაიგებენ ყველანი, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოანე 13:35).

ქადაგების დასასრულს დეკანოზმა მრევლს მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, რომ ადამიანები „ერთი ნავის მგზავრები“ არიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთის პატიება, ტვირთის გაზიარება, თანადგომა და სიყვარული ისწავლონ.

ღვთისმსახურების დასასრულს სასულიერო პირმა ღვთისგან სამრევლო ოჯახისთვის, თითოეული ოჯახისა და თითოეული ადამიანისათვის მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთმიტევება და ერთობა ითხოვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რენეში 2 აგვისტოს ქართული ტაძარი მომლოცველებსა და მორწმუნეებს უმასპინძლებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ