გიორგი ქარდავა: დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ რწმენაზეა დაფუძნებული

2824
05 ოქტომბერი 09:34
5
 საქართველოს საკრებულოს წევრი გიორგი ქარდავა. ფოტო: მჟკ საქართველოს საკრებულოს წევრი გიორგი ქარდავა. ფოტო: მჟკ

საკრებულოს წევრის შეფასებით, ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და მათი ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ დონეზე განმტკიცება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს.

2 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია — „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ქრისტიანობის როლი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებისთვის და ქრისტიანული სარწმუნოების გავლენა საქართველოს ისტორიულ და კულტურულ განვითარებაზე.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საკრებულოს წევრმა გიორგი ქარდავამ. მისი შეფასებით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა და მათ მიერ ქრისტიანული ღირებულებებისა და ევროპული ცივილიზაციის ურთიერთკავშირის შესახებ საკუთარი ხედვების წარმოჩენა.

„დღევანდელი კონფერენცია ეხებოდა ქრისტიანულ საფუძვლებს ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, ასევე ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად რწმენას, საქართველოს ისტორიის ფარგლებში და რეალობაში მის გავლენებს. სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო, მათ შორის რუმინეთისა და საბერძნეთის პარლამენტის წევრები, რომლებმაც ამ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და შეხედულებები ჩამოაყალიბეს“, — განაცხადა გიორგი ქარდავამ.

მისივე თქმით, თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ქრისტიანული ღირებულებების ნაკლებობა რჩება.

გიორგი ქარდავას შეფასებით, დასავლური ცივილიზაციის ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები ქრისტიანულ რწმენასა და ქრისტიანულ აზროვნებას უკავშირდება, რის გამოც ამ ღირებულებების გააზრება და დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ისე საქართველოსთვის.

ამ თემაზე ლევან მაჭავარიანი: ,,ყველა ქარტეხილი დავძლიეთ, რადგან ქრისტიანობა გვაერთიანებდა''
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩემი აზრით, ეს სასარგებლოა, ვინაიდან ის, რაც აკლია თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას, განსაკუთრებით ევროპას, არის ქრისტიანული ღირებულებების ნაკლებობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გავაცნობიეროთ, რომ რასაც დასავლურ ცივილიზაციას ვუწოდებთ, ის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული და ჩამოყალიბებულია ქრისტიანული რწმენისა და ქრისტიანული ფილოსოფიის მიერ“, — აღნიშნა მან.

საკრებულოს წევრის განცხადებით, საქართველოს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილის, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი ქვეყნის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქრისტიანული ღირებულებების დაცვასა და განმტკიცებას.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და აღნიშნული ღირებულებები სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს ასახული.

„საქართველოს, ცხადია, არ აქვს ბევრი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რომ მთლიანად, გლობალურად მოახდინოს გავლენა, თუმცა საქართველოს ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ეს ღირებულებები დავიცვათ. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს ამ ღირებულებების ჩამოყალიბება და მათი ღიად დაფიქსირება, ინსტიტუციურ დონეზე ასახვა და შემდეგ უკვე სოციალურ-საზოგადოებრივ დონემდე ამ ყველაფრის მიტანა“, — განაცხადა გიორგი ქარდავამ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ევროპული ცივილიზაციის საფუძვლებისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ სივრცეში ქრისტიანობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა იყო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თენგიზ შარმანაშვილი: ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ საფუძვლებს ეფუძნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ