შიო III: რწმენით ნასაზრდოებმა ქართველმა შეძლო სარწმუნოების შენარჩუნება

2824
12:54
11
საქართველოს პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ საქართველოს პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ

კათოლიკოს-პატრიარქმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, ევროპულ ცივილიზაციაში ქვეყნის როლსა და თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.

საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მიმართა და საიუბილეო თარიღი მიულოცა. მან განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს, ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნას შეუერთდნენ.

ამ თემაზე ლევან მაჭავარიანი: ,,ყველა ქარტეხილი დავძლიეთ, რადგან ქრისტიანობა გვაერთიანებდა''
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“, — განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ კონფერენცია მხოლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის გახსენებას არ ემსახურება და მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გააზრებულ იქნეს ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გზა და ის სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობა, რომელმაც ქართული ერის სახე და ეროვნული თვითმყოფადობა ჩამოაყალიბა.

„დღევანდელი კონფერენცია, გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, არის ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩვენი ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა“, — აღნიშნა პატრიარქმა.

მისი თქმით, 1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მყარად განუსაზღვრა ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის.

სიტყვით გამოსვლისას კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანული ისტორიის სათავეებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა უფლის კვართის საქართველოში ფლობასა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობაზე. მან ასევე გაიხსენა წმინდა მოციქულთა — ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათას — საქართველოში ქადაგება და მოციქულთასწორის, წმინდა ქალწულ ნინოს ღვაწლი.

„ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას“, — განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სწორედ ქრისტიანული რწმენის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართული საზოგადოების სულიერი და კულტურული ცხოვრება.

„ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად; მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობა“, — აღნიშნა შიო III-მ.

პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ქრისტიანობის გავლენაზე ქართული მწერლობის, ხელოვნების, კულტურის, განათლებისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზე. მისი თქმით, ქრისტიანულმა ეპოქამ საქართველოს არაერთი გამორჩეული მოღვაწე და წმინდანი შესძინა.

სიტყვით გამოსვლისას კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არსებულ მძიმე პერიოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალი სახელმწიფოსა და ცივილიზაციის გაქრობის მიუხედავად, ქართველმა ერმა ქრისტიანული რწმენის საფუძველზე საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.

„მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამული“, — განაცხადა პატრიარქმა.

შიო III-მ ასევე ისაუბრა ქრისტიანობისა და ევროპული ცივილიზაციის ურთიერთკავშირზე. მისი თქმით, ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანი სულიერი და ზნეობრივი შინაარსი შესძინა.

„ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას“, — აღნიშნა მან.

პატრიარქის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული გამოცდილება მას საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე აქცევდა. ამასთან, საქართველო ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ევროპის საღვთისმეტყველო, ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში.

მისივე თქმით, აღნიშნულმა კავშირებმა ქართველ ერს, ერთი მხრივ, საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება მისცა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა. მისი თქმით, თანამედროვე საზოგადოება არაერთი რთული პრობლემის წინაშე დგას და ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანული ზნეობრივი ფასეულობების მნიშვნელობის გააზრება.

„თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები“, — განაცხადა შიო III-მ.

პატრიარქის თქმით, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა და მშვიდობისკენ სწრაფვა.

„ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც, დროის წარმავლობის მიუხედავად, არ იცვლება“, — აღნიშნა პატრიარქმა.

სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას დაეთმო. კათოლიკოს-პატრიარქმა დადებითად შეაფასა კონფერენციის ფარგლებში აღნიშნული საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ამ ფასეულობებზე გაკეთებული აქცენტისთვის.

„დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი და ტრადიციული ღირებულებები“, — განაცხადა მან.

პატრიარქის თქმით, ოჯახი ადამიანის პიროვნული და ზნეობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი გარემოა, სადაც ადამიანი სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და სხვაზე ზრუნვას სწავლობს.

„ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობისა და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს“, — აღნიშნა შიო III-მ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა ეკლესიის, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დიალოგის მნიშვნელობას. მისი თქმით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების ქრისტიანული სწავლების საფუძველზე გააზრებას, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერასა და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

„დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანული სწავლების უფრო ღრმად გააზრებას, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერასა და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, — განაცხადა პატრიარქმა.

სიტყვის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა საქართველოს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენასაც შეუწყობს ხელს.

„გისურვებთ, რომ კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის, ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში“, — მიმართა კონფერენციის მონაწილეებს შიო III-მ.

„ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქუენ თანა“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ