ეკლესია დღეს წმინდა მთავარდიაკონ ლავრენტისა და სხვა მოწამეების ხსენებას აღნიშნავს
წმინდანებმა ქრისტეს სარწმუნოებისთვის წამება III საუკუნეში, იმპერატორ ვალერიანეს ზეობისას დაითმინეს.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 23 აგვისტოს წმინდა მოწამეებს — მთავარდიაკონ ლავრენტის, რომის პაპ სიქსტეს, დიაკონებს ფელიკისიმესა და აღაპიტეს, ასევე მხედარ რომანოზს მოიხსენებს.
წმინდანები ქრისტეს სარწმუნოებისთვის 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს ზეობისას ეწამნენ. წმინდა სიქსტე რომის ეკლესიის მესაჭედ წმინდა პაპ სტეფანეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ დადგინდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი ორ დიაკონთან — ფელიკისიმესა და აღაპიტესთან ერთად შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
როდესაც მთავარდიაკონმა ლავრენტიმ შეიტყო თავისი მოძღვრის დაპატიმრების შესახებ, მასთან გაეშურა და სთხოვა, ქრისტესთვის მოწამეობრივ ღვაწლშიც მისი თანამოზიარე გამხდარიყო. წმინდა სიქსტემ მას უწინასწარმეტყველა, რომ რამდენიმე დღეში თავადაც მოწამეობრივ გვირგვინს მიიღებდა და დაავალა, ეკლესიის განძეულობა გაეყიდა და გაჭირვებულ ქრისტიანებსა და გლახაკებს შორის გაენაწილებინა.
წმინდა ლავრენტიმ მღვდელმთავრის კურთხევა აღასრულა. მოგვიანებით, როდესაც მისგან ეკლესიის საუნჯის ადგილსამყოფელს ითხოვდნენ, მან სამი დღის ვადა ითხოვა. ამ დროის განმავლობაში თავი მოუყარა ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ მყოფ დავრდომილებსა და გლახაკებს, შემდეგ კი ისინი მმართველს წარუდგინა და უთხრა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ეკლესიის ჭეშმარიტი საუნჯე.
ქრისტეს სარწმუნოების უარყოფასა და კერპების თაყვანისცემაზე წმინდა ლავრენტიმ მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკი წამება დაითმინა. მისი სიმტკიცისა და ღვთისადმი ერთგულების მხილველმა მხედარმა რომანოზმა ქრისტე იწამა და ნათლისღება მიიღო, რის შემდეგაც ისიც მოწამეობრივად აღესრულა.
გადმოცემის თანახმად, წმინდა ლავრენტი საბოლოოდ გავარვარებულ რკინის ცხაურზე დააწვინეს. უმძიმესი ტანჯვის მიუხედავად, მან უკანასკნელ წუთებშიც მადლობა შესწირა უფალს და მოწამეობრივი აღსასრული მიიღო.
წმინდა იპოლიტემ, რომელმაც წმინდა ლავრენტის სასწაულებისა და სარწმუნოების ძალის მხილველმა ქრისტე ირწმუნა, ღამით მოწამის პატიოსანი ცხედარი დაკრძალა. რამდენიმე დღის შემდეგ თავად იპოლიტეც და სხვა ქრისტიანები ქრისტეს აღმსარებლობისთვის მოწამეობრივად აღესრულნენ.
წმინდა მთავარდიაკონ ლავრენტისა და მასთან ერთად მოწამეობრივად აღსრულებული წმინდანების ხსენება ეკლესიისთვის ქრისტესადმი ერთგულების, მოწყალებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის თავდადების ნათელი მაგალითია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.