უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.
2026 წლის 17–18 ოქტომბერს უფლისციხე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს — „ეთნოფესტივალი საქართველოში უფლისციხე 2026“ — უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
ფესტივალის მიზანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა და სულიერი ღირებულებების წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. პროექტის კონცეფცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების თანამშრომლობას ეფუძნება.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობას, ქართლის კულტურულ მემკვიდრეობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებაში ქრისტიანობის როლს შეეხება.
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება ისტორიული სამოსის გამოფენა იქნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველად ერთიან სივრცეში წარმოდგენილი იქნება სამღვდელმთავრო, სამეფო და საერო ისტორიული სამოსი. პროგრამაში გათვალისწინებულია ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავლების მონაწილეობაც.
უფლისციხის საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება ხელსაქმისა და კულტურული მემკვიდრეობის მასტერკლასები. ადგილობრივი მეწარმეებისა და მარნების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ქართული პურისა და ღვინის კულტურა, ასევე ეთნოკულინარიული პროგრამა.
ცალკე მიმართულება დაეთმობა ეთნოსპორტსა და ქართულ ტრადიციულ თამაშობებს. გაიმართება ჭადრაკის ბლიც-ტურნირიც. საკონცერტო პროგრამა დასრულდება გალა-კონცერტით, რომელიც ქართული ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და საეკლესიო გალობის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
ფესტივალის დასასრულს დაგეგმილია მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც წარდგენილი იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მონაწილე ანსამბლების ხელმძღვანელები. ღონისძიების სიმბოლური კულმინაცია იქნება ანთებული ჩირაღდნის საზეიმო გადაცემა. ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის უწყვეტობის გამომხატველი ჩირაღდანი ყოველწლიურად მომავალი ფესტივალის მასპინძელ რეგიონს გადაეცემა.
პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, რეგიონული ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ფონდი, თანაორგანიზატორები კი — გორისა და ატენის ეპარქია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო — უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაცია და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია.
