სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.
2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეები და პედაგოგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში გაემგზავრნენ, სადაც 37 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს უბისის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პაისი კუკულავამ და თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. სასულიერო პირებმა ქართველი ერის წინაშე მერაბ კოსტავას ღვაწლი გაიხსენეს.
პანაშვიდს ესწრებოდნენ სოფელ ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები.
პანაშვიდის შემდეგ წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული პროგრამა წარმოადგინეს და შემოქმედებითი გამოსვლებით ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღის განმავლობაში თბილისის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა უბისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერიც მოილოცეს. მოსწავლეებმა ტაძარში იგალობეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა.
