მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია: უშგულის ლამარიის მონასტერი არ დახურულა
ეპარქია განმარტავს, რომ ტაძარი ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის ღიაა, ხოლო მონაზვნებმა მონასტერი აგრესიული ინციდენტის შემდეგ დატოვეს.
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების გამო საჭიროდ მიიჩნია განმარტების გაკეთება.
ეპარქიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა დახურა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. განმარტების მიხედვით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ მრავალი მანამდე დაკეტილი ტაძარი გაიხსნა, აღდგა რეგულარული საღვთო მსახურება, ხოლო ლამარიის ტაძარი, ისევე როგორც სხვა ეკლესიები, ღიაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მონაზვნებმა მონასტერი მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც მონასტერში დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი მივიდა და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ, ეპარქიის შეფასებით, ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას.
ეპარქია განმარტავს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივ მოსახლეობას ჩაბარდა, რის გამოც ტაძარი არ არის დაკეტილი და მასში შესვლა არავის ეზღუდება.
ამასთან, განცხადების თანახმად, სოფელში გამართული მოსახლეობის შეკრების მიუხედავად, საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. ეპარქია აცხადებს, რომ უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება წერილობით დაფიქსირდება და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურდება.
განცხადების დასასრულს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია საზოგადოებას სიმშვიდისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ შეწყდება დაპირისპირება, გაიფანტება მცდარი ინფორმაცია და საკითხი მშვიდობიანად გადაწყდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე განმარტებას ავრცელებს.