სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე განმარტებას ავრცელებს

2824
08 ივლისი 17:40
16
 „ლამარიას“ მონასტერი. ფოტომონტაჟი: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერი. ფოტომონტაჟი: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

ეპარქიის ინფორმაციით, ახალი საცხოვრებელი მონაზვნებისთვის იმავე ადგილზე შენდება, სადაც მანამდე ავარიული ნაგებობა იდგა.

„ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სვანეთის ეპარქია ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რის გამოც ადგილობრივი ეპარქია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მის დაცვას.

განცხადების თანახმად, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს, ადრე იდგა ვიზუალურად და ფუნქციურად შეუსაბამო შენობა, რომელიც სამი მხრიდან დაჟანგებული თუნუქის ფირფიტებით იყო შემოსილი და გარემოსთან შეუსაბამო იერსახე ჰქონდა.

ეპარქიის განმარტებით, მიტროპოლიტმა ილარიონმა, რათა ძეგლზე ახალი ჩარევა არ მომხდარიყო, სწორედ ამავე შენობის ფარგლებში აღადგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები საცხოვრებლად დაასახლა. თუმცა, რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე ზამთრის შემდეგ გაირკვა, რომ არსებული ნაგებობა საცხოვრებლად აღარ გამოდგებოდა და მონაზვნების იქ დარჩენა შეუძლებელი იყო.

ამ გარემოების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იმავე ფართობზე აშენდეს ახალი საცხოვრებელი, რომელიც მონასტრულ ცხოვრებას ღირსეულ პირობებში გააგრძელებს და მონაზვნების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

ეპარქია აღნიშნავს, რომ პროექტის შემუშავებისას მთავარი პრიორიტეტი „ლამარიას“ მონასტრისთვის დამახასიათებელი არქიტექტურისა და ბუნებრივი ლანდშაფტის ორგანული შერწყმის შენარჩუნება იყო. ამ მიზნით, ახალი ნაგებობის სიმაღლე მნიშვნელოვნად შემცირდა ძველ შენობასთან შედარებით, რათა არ დაირღვეს მონასტრისა და მისი გარემოს ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახე.

პროექტის მიხედვით, მშენებარე შენობა სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მცირე დარბაზული ტიპის ნაგებობა იქნება, რომლის ფასადი ტრადიციული სვანური სტილის შესაბამისად, ფიქალის ქვით დამუშავდება.

სვანეთის ეპარქია ასევე განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაჩქარება უშგულის კლიმატურმა პირობებმა განაპირობა, რადგან რეგიონში მშენებლობისთვის ხელსაყრელი პერიოდი წელიწადში მხოლოდ დაახლოებით სამი თვე გრძელდება. ამავე მიზეზით, იურიდიული პროცედურები სამშენებლო პროცესს ჩამორჩა.

ეპარქიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საპროექტო წინადადება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება, ხოლო პროექტს საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც განიხილავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში საეპარქიო კრება და დელეგატთა არჩევნები გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ