თავისუფლების იდეა თანამედროვე საზოგადოებაში
ცოდვა არა თუ არ გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, არამედ პირდაპირ ანადგურებს მას.
XXI საუკუნის საზოგადოებაში სიტყვა „თავისუფლება“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გაჟღერებული ტერმინია. იგი იქცა თანამედროვეობის მთავარ ლოზუნგად, იდეალად, რომლისკენაც კაცობრიობა დაუღალავად მიისწრაფვის. დღეს ადამიანი მას აღიქვამს, როგორც უმაღლეს ღირებულებასა და ხელშეუხებელ უფლებას, თუმცა, პარადოქსულია - რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ მასზე, მით უფრო ბუნდოვანი და ზედაპირული ხდება მისი ნამდვილი შინაარსი. დღევანდელ სამყაროში ბევრმა მნიშვნელოვანმა ცნებამ თავისი ნამდვილი აზრი შეიცვალა. გამონაკლისი არც „თავისუფლებაა“ - ის თითქმის მთლიანად დაიცალა იმ თავდაპირველი, სულიერი სიღრმისგან, რასაც მას ქრისტიანობა ანიჭებს. ის, რაც ადრე ღვთისგან ბოძებულ უდიდეს საჩუქრად და ადამიანის სულის საუკეთესო გამოვლინებად მიიჩნეოდა, დღეს ხშირად მხოლოდ ეგოიზმის, საკუთარი სიამოვნების ძიებისა და დაუსრულებელი სურვილების დაკმაყოფილების იარაღად იქცა. ქრისტიანული სწავლება კი თავისუფლების საფუძვლად არა ადამიანის სურვილებს, არამედ ჭეშმარიტებას მიიჩნევს. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: „და სცნათ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (ინ. 8,32). ეს სიტყვები გვახსენებს, რომ ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობით იწყება და არა ყოველგვარი სურვილის შეუზღუდავი დაკმაყოფილებით.
სწორედ ამ მოჩვენებითი თავისუფლების საპასუხოდ ჟღერს კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც სრულიად ცვლის თანამედროვეობის წარმოდგენებს: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (ინ. 8:34). ამ ერთ წინადადებაში ქრისტიანული ანთროპოლოგიის მთელი არსია მოქცეული. თანამედროვე ადამიანი ფიქრობს, რომ თუკი მას არავინ ზღუდავს გარედან და შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება, ის თავისუფალია. თუმცა, სახარება გვასწავლის, რომ ყველაზე მძიმე და შეუმჩნეველი მონობა არა ფიზიკური ბორკილები, არამედ საკუთარ ვნებებზე დამოკიდებულებაა. როდესაც ადამიანი ნებას რთავს სიბრაზეს, შურს, სიამაყეს ან თუნდაც მატერიალური ნივთებისკენ დაუოკებელ ლტოლვას, რომ დაეუფლოს მის გონებას, ის კარგავს ნამდვილ არჩევანის უნარს. ამ დროს ის იქცევა არა თავისუფალ შემოქმედად, არამედ იმ ძალის უსიტყვო მორჩილად, რომელიც მას შიგნიდან მართავს.
აქ ძალიან მკაფიოდ იკვეთება კონფლიქტი ცოდვასა და რეალურ პიროვნულ თავისუფლებას შორის. დღევანდელი კულტურა ხშირად გვასწავლის, რომ ჩვენი სურვილები და ინსტინქტები ჩვენივე იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რაც ამ სურვილებს ზღუდავს - იქნება ეს რელიგია, ზნეობა თუ მორალი - აღიქმება, როგორც თავისუფლების ხელყოფა და პიროვნების ჩაგვრა. ცოდვა თანამედროვე ენაზე ხშირად „თვითგამოხატვად“ ან „ბუნებრივ მოთხოვნილებად“ ინათლება, მაგრამ რეალობა სრულიად საპირისპიროა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი დღეს ე.წ. „სექსუალური თავისუფლების“ იდეაა. თანამედროვე საზოგადოება ადამიანს ხშირად არწმუნებს, რომ რაც უფრო ნაკლები ზნეობრივი საზღვარი აქვს სქესობრივ ცხოვრებაში, მით უფრო თავისუფალია. თავშეკავება მოძველებულ შეხედულებად მიიჩნევა, ხოლო ყოველგვარი სურვილის შესრულება - პიროვნული თავისუფლების გამოვლინებად. თუმცა ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: ნუთუ თავისუფალია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი სურვილების შეკავებაც კი აღარ შეუძლია? თუ ადამიანი ვეღარ ამბობს „არა“ საკუთარ ვნებას, მაშინ მართლა თავად მართავს საკუთარ ცხოვრებას, თუ უკვე ვნების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება? როდესაც ადამიანი მუდმივად მიჰყვება საკუთარ ახირებებს, მისი ნებისყოფა სუსტდება. თავდაპირველად მას ჰგონია, რომ თავად ირჩევს ამა თუ იმ ქმედებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ქმედება ჩვევაში, შემდეგ კი ვნებაში გადაიზრდება. იქნება ეს დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ფულის სიყვარულზე, სხვების განკითხვასა თუ თუნდაც სოციალურ ქსელებში მუდმივი ყურადღების ძიებაზე - ადამიანი ნელ-ნელა კარგავს საკუთარი თავის მართვის უნარს. ის ხდება მარიონეტი იმ სურვილების ხელში, რომლებსაც თავად მისცა უფლება, გაბატონებულიყვნენ მასზე.
ამრიგად, ცოდვა არა თუ არ გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, არამედ პირდაპირ ანადგურებს მას. ქრისტიანული გაგებით, ნამდვილი პიროვნული თავისუფლება არ არის სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრმა არჩევანის კეთება; ჭეშმარიტი თავისუფლება არის ბოროტებაზე უარის თქმის ძალა. ეს არის უნარი, იყო საკუთარი თავის ბატონი და არ მისცე უფლება ინსტინქტებს, წაგართვან ის პიროვნული ღირსება, რომელიც ღმერთმა ჩადო შენში.
ეკლესიის წმინდა მამებს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჰქონდათ გააზრებული. ისინი თავისუფლების იდეას სრულიად სხვა კუთხით უყურებდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა არა გარეთ, არამედ ადამიანის გულში მიმდინარეობს. მათთვის ნამდვილი მონობა სწორედ საკუთარ სურვილებზე დამოკიდებულება იყო. მსოფლიო მოძღვარი და მასწავლებელი, წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „თავისუფალი ის კი არ არის, ვინც სხვებზე ბატონობს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავსა და ვნებებზე მბრძანებლობს. ხოლო ის, ვინც ხორციელ სურვილებს ემონება, ყველაზე საცოდავი მონაა, თუნდაც მთელ სამყაროს მართავდეს და თავზე სამეფო გვირგვინი ედგას.“ ამ აზრს კიდევ მეტად აღრმავებს ღირსი ანტონი დიდი, რომელიც ცხადად გვიხსნის, ვინ არის რეალურად თავისუფალი ადამიანი: „თავისუფალ ადამიანებად ისინი კი არ უნდა მივიჩნიოთ, ვინც უბრალოდ ფიზიკურად არ არიან მონები, არამედ ისინი, ვისი სულიც არის თავისუფალი. ჭეშმარიტად თავისუფალი და გონიერი მხოლოდ ის არის, ვინც ვნებებსა და მატერიალურ სურვილებს არ დაუმონებია.“ ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, თავისუფლებაზე საუბრისას, თავად პიროვნულ არჩევანს ეხება და განმარტავს, რომ როცა ადამიანი ცოდვას ირჩევს, მას ჰგონია, რომ ამით თავის დამოუკიდებლობას ამტკიცებს, სინამდვილეში კი -საკუთარ ბუნებას აზიანებს: „ბოროტებისკენ მიდრეკილება და ცოდვის არჩევა ნამდვილი თავისუფლება კი არა, თავისუფლების დაავადება და მისი უარყოფაა. ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ სიკეთისა და ღმერთის არჩევაშია.“
დღევანდელ სამყაროში, სადაც თავისუფლების სახელით ადამიანს უთვალავ ყალბ არჩევანსა თუ ილუზიას სთავაზობენ, იშვიათად საუბრობენ იმ ერთადერთ თავისუფლებაზე, რომელსაც ქრისტე გვაძლევს. თანამედროვე კულტურისთვის თავისუფლება სურვილების უსასრულო დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, სახარებისთვის კი - ჭეშმარიტების შეცნობა. სწორედ ამიტომ, დღეს მთავარი კითხვა არ არის „რისი გაკეთების უფლება მაქვს?“, არამედ — „რა მაქცევს ნამდვილად თავისუფალ ადამიანად?“ ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი თავად მაცხოვრის სიტყვებშია: „და სცნათ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.“ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქრისტიანული თავისუფლება არ არის აკრძალვების მშრალი სისტემა ან პიროვნების შეზღუდვა; პირიქით, იგი ერთადერთი გზაა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ. მხოლოდ საკუთარი ვნებებისა და ეგოიზმისგან გათავისუფლებულ ადამიანს ძალუძს, უყვარდეს სხვები სრული, უანგარო სიყვარულით. ამრიგად, ეს თავისუფლება არასდროს იქცევა მონობად. მისი უმაღლესი გამოვლინება არა საკუთარი სურვილების მსახურება, არამედ ღმერთთან ერთობა და პიროვნული სრულყოფაა.