მიტროპოლიტმა შიომ დიდ ხუთშაბათს ევქარისტიის საიდუმლოზე იქადაგა

2824
09 აპრილი 19:07
49
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საზუ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საზუ

სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმულ ქადაგებაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ზიარების მნიშვნელობასა და ქრისტესთან ერთობის არსს გაუსვა ხაზი.

ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა და ევქარისტიის საიდუმლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს დღე უკავშირდება საიდუმლო სერობას, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ზიარების საიდუმლო. მისი განმარტებით, თავად სიტყვა „ევქარისტია“ მადლიერებას ნიშნავს და იგი არის მადლიერების მსხვერპლი, რომელიც მაცხოვარმა თავის მოწაფეებს დაუდგინა. ქადაგებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უფლის სიმდაბლეს — ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით აჩვენა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ.

მღვდელმთავარმა განმარტა, თუ რატომ ეწოდება ამ ლოცვით შეკრებას „საიდუმლო სერობა“. მისი თქმით, ქრისტემ ეს მსახურება აღასრულა ებრაული პასექის სერობის დროს, თუმცა მას ახალი შინაარსი შესძინა — პურისა და ღვინის კურთხევით და მათი თავის ხორცად და სისხლად გამოცხადებით. სწორედ აქედან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო, რომლის შესახებაც თავად მაცხოვარი ამბობს: „ვინც სჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე — მასში“.

მიტროპოლიტ შიოს თქმით, ევქარისტია ეკლესიაში პირველი საუკუნიდან მოდის და საბოლოო სახე მეოთხე საუკუნეში მიიღო. დღეს წმინდა ლიტურგია იმავე არსითა და მნიშვნელობით აღესრულება, რომლის ცენტრშიც დგას ღმერთისადმი მადლიერება და იესო ქრისტეს ცხოვრების, ვნებების, ჯვარცმისა და აღდგომის გახსენება.

ქადაგებაში ასევე ხაზი გაესვა ლიტურგიის მნიშვნელოვან ნაწილებს — ევქარისტიულ ლოცვებს, პურისა და ღვინის ზეამაღლებას და სულიწმინდის გარდამოსვლის თხოვნას, რათა ისინი ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნას. მღვდელმთავრის თქმით, სწორედ ამ დროს სრულდება „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში“ — ღმერთი არის ადამიანებს შორის.

მისივე განმარტებით, ევქარისტიას „წმინდა ზიარების საიდუმლოებაც“ ეწოდება, რადგან ამ დროს მყარდება უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ამავე დროს, ზიარება ადამიანებს ერთმანეთთანაც აერთიანებს, რადგან ისინი ერთი პურიდან ეზიარებიან და ქრისტეს სხეულის წევრები ხდებიან.

მიტროპოლიტმა შიომ მრევლს მოუწოდა, უფრო ხშირად და სულიერი მომზადებით მიიღონ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოში, რათა მიიღონ ღვთის მადლი და სულიერი განახლება. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის გული უნდა იყოს „კეთილი ნიადაგი“, რათა ღვთის სიტყვამ ნაყოფი გამოიღოს და ადამიანის ცხონებას შეუწყოს ხელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდ ოთხშაბათს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ