მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდ ოთხშაბათს

2824
09 აპრილი 14:07
56
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს რწმენითა და სინანულით წმინდა ზეთის მიღებისკენ მოუწოდა.

დიდ ოთხშაბათს, შვიდგზის ზეთისცხების მსახურების წინ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა და ზეთისცხების საიდუმლოს სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. მისი თქმით, წმინდა სახარების თანახმად, უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უბრძანა, ზეთი სცხონ ავადმყოფთათვის და ელოცათ მათთვის, რის შედეგადაც მრავალი სნეული იკურნებოდა.

ქადაგებისას მან წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვებიც გაიხსენა: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს“. მიტროპოლიტმა განმარტა, რომ კურნება და ცოდვათა მიტევება უფლისგან მომდინარეობს, ხოლო მღვდლები ამ მადლის მსახურებად გვევლინებიან.

მოსაყდრემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რატომ გამოიყენება ზეთი და სხვა მატერიალური ნივთიერებები საეკლესიო საიდუმლოებებში. მისი თქმით, ეს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს — რადგან ადამიანი ხორციელ სამყაროში ცხოვრობს, მას სჭირდება ხილული ნიშნებიც, რომლის მეშვეობითაც ღვთის მადლი გადმოდის.

„თავისთავად ზეთი უძლურია, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გარდამოდის მასზე და სწორედ ეს მადლი კურნავს ადამიანს,“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ.

ქადაგების დასასრულს მან მორწმუნეებს მოუწოდა, ზეთისცხების საიდუმლო მიიღონ რწმენითა და გულწრფელი სინანულით, რადგან ეს არის „ზეთი სიხარულისა და კურნებისა“, რომელიც აძლიერებს როგორც სულიერ, ისე ხორციელ ძალებს და ადამიანს ამზადებს ბოროტებასთან ბრძოლისათვის.

მიტროპოლიტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მორწმუნეებმა მხოლოდ ადამიანურ რჩევებს კი არ უნდა დაუგდონ ყური, არამედ პირველ რიგში, ღმერთის მცნებებს უნდა დაემორჩილონ, რაც ადამიანის ცხონების საფუძველია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიდი ხუთშაბათი ქრისტიანული კალენდრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ