სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს
კულტურის სამინისტროს ინიციატივით შექმნილ ახალ სსიპ-ში რამდენიმე ისტორიული სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გაერთიანდა.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს.
გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. მინისტრმა და გიორგი კალანდიამ თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.
თინათინ რუხაძის განცხადებით, აღნიშნული გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს მენეჯმენტის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
მისივე თქმით, გაერთიანებაში შევა ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა იგეგმება.
„ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს, მენეჯმენტის კუთხით, მნიშვნელოვნად დაეხმარება. სასახლე-მუზეუმების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზედაეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამრევლო სკოლის საქმიანობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.