თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ისტორიული ტაძრის რეაბილიტაცია 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თელავში, ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება. ასევე აღდგენილია ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობა და შესრულებულია ამოგოზვა. საკურთხეველში განხორციელდა კონქისა და აგურის ტრაპეზის ქვის ნაწილობრივი შელესვა კირის ხსნარით. დამზადებულია სამხრეთისა და დასავლეთის კარები, ასევე ხის კანკელი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია. დასკვნით ეტაპზე იგეგმება იატაკის რეაბილიტაცია, დასავლეთის კარის წირთხლის აღდგენა, აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავსართის დამონტაჟება, სამხრეთისა და დასავლეთის კარის მოწყობა და ხის კანკელის ჩასმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და დაგეგმილია, რომ მიმდინარე წელს დასრულდება.
კულტურის მინისტრის განცხადებით, თელავი და ბატონის ციხე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული იდენტობისთვის.
„მეფე ერეკლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. თელავი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენი სულიერების, იდენტობისა და ტურიზმის კუთხით. ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ეკლესიასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ კომპლექსის მაღალ დონეზე რეაბილიტაციისა და ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციისთვის,“ – აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა.
ვიზიტის ფარგლებში კულტურის მინისტრი ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე თელავის ისტორიულ მუზეუმსაც ეწვია და იქ წარმოდგენილ გამოფენას გაეცნო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის სასულიერო აკადემიაში სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა.