მიხეილ ყაველაშვილი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო და პატრიარქი თბილად მოიხსენია
პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქრისტიანულ ღირებულებებზე, 17 მაისის მნიშვნელობასა და საქართველოს 1700-წლიან ქრისტიანულ ისტორიაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იტალიაში, მილანში, 6 თებერვალს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული ოფიციალური მიღების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრა თბილ და გულწრფელ გარემოში წარიმართა. მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო განსაკუთრებული სიმპათიით მოიხსენია და ქვეყნის ქრისტიანულ იდენტობაზე ისაუბრა.
„ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა და გაკვირვებული ვიყავი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარნი; პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე – 17 მაისი – დააფუძნეს სულ ახლახან. როდესაც ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ, სწორედ პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახური სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ქრისტიანულ მემკვიდრეობას. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველები ამ საკითხებზე განსაკუთრებული თავდაჯერებულობით საუბრობენ, რადგან საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყანაა.
მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებს ასევე გააცნეს, რომ საქართველო წელს ქრისტიანობის მიღებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება.
„ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე დაწერა, რომ მოლდოვაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით მორწმუნეებს ეკლესიაში შესვლა აუკრძალეს.