20 ოქტომბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი აღმსარებლის ხსენების დღეა
პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგული მღვდელმთავარი იყო.
პატრიარქი ამბროსი 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, შემდგომ კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ახალგაზრდა ბესარიონი სწავლითა და სამღვდელო მოღვაწეობით ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა.
სემინარიაში სწავლისას დაოჯახდა, თუმცა 1896 წელს მეუღლე კესარია მერჩულე მშობიარობას გადაყვა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეუფე ამბროსი სამ შვილს მარტო ზრდიდა — შვილები მუდამ ახლდნენ მას, მათ შორის გადასახლებასა და სწავლების პერიოდში.
1887 წელს ბესარიონ ხელაია მღვდლად იკურთხა სოხუმის ეპისკოპოსისაგან და მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ამ წლებში ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში და სიტყვითა და წერილით იცავდა ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობას.
1897 წელს ჩაირიცხა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც ბერად აღიკვეცა და მიიღო სახელი ამბროსი. სწავლებისას დაწერა დისერტაცია თემაზე „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“.
1902 წელს არქიმანდრიტად აკურთხეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით მონასტერმა სულიერი და კულტურული აღმავლობა განიცადა. სწორედ აქ აღმოაჩინა მან „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური ხელნაწერი და „ჭელიშის ოთხთავი“, რაც უდიდეს საგანძურად იქცა საქართველოს ისტორიისათვის.
1904 წელს არქიმანდრიტი ამბროსი თბილისში დაბრუნდა, გახდა სინოდური კანტორის წევრი და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი. ამავე პერიოდში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
რუსეთის ხელისუფლებამ მისი ეროვნული მოღვაწეობა ვერ აიტანა — 1905 წელს იგი გადაასახლეს რუსეთში, ხოლო 1908 წელს დაადანაშაულეს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში. მიუხედავად უდანაშაულობისა, სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1917 წელს მიიღო.
ამ პერიოდის ერთ-ერთ წერილში ამბროსი წერდა:
„ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს... ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, რაც სამშობლოდან გადახვეწილმა უნდა იწვნიოს.“
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. იგი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს, ხოლო 1921 წლის 14 ოქტომბერს — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
პატრიარქის მოღვაწეობა დაემთხვა საქართველოს გასაბჭოების შემდგომ პერიოდს, როდესაც ეკლესია მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ამბროსი იბრძოდა ქართული ეკლესიისა და ერის სულიერი და კულტურული უფლებების დასაცავად.
1922 წელს მან საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიმართა გენუის კონფერენციას, სადაც მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და უცხო ჯარების გაყვანა.
პატრიარქის მიმართვა საბჭოთა ხელისუფლებამ „პოლიტიკურ დანაშაულად“ მიიჩნია. 1923 წელს ის დააპატიმრეს საპატრიარქოს ცხრა წევრთან ერთად.
სასამართლო პროცესზე ამბროსი სრულიად საქართველოს წინაშე იქცა სიმართლისა და რწმენის სიმბოლოდ. მისი სიტყვები სასამართლო დარბაზში დღემდე რჩება ქართული სულიერების მთავარ დევიზად:
„თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო... როგორც მღვდელს, მევალებოდა სიმართლის თქმა, თუნდაც სიკვდილის ფასად.“
სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა ასაკისა და ჯანმრთელობის გამო სასჯელი შეიცვალა — თავისუფლების აღკვეთით 8 წლამდე.
1924 წელს გამოცემული ამინისტიით პატრიარქი გაათავისუფლეს. მისი დაბრუნება თბილისის სიონის ტაძარში ეროვნული აღმავლობის დღესასწაულად იქცა. ტაძარი სავსე იყო მრევლით, ხოლო პატრიარქმა მრევლს უთხრა:
„როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს.“
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან წარმოთქვა მრავალი ქადაგება, რომლებშიც რწმენისა და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა ხალხს. ერთ-ერთ მათგანში ამბობდა:
„რწმენის საქმეებში არ ემსგავსოთ ლერწამს, რომელიც ქარის მიმართულებით იხრება, იყავით მტკიცენი და ურყევნი.“
პატრიარქი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს, მრავალი ტანჯვისა და დევნის შემდეგ, მაგრამ სულიერი გამარჯვებით.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.
მოძღვრის ცხოვრებიდან შემორჩენილია რამდენიმე პირადი ნივთი: ციხეში ნაჩუქარი წიგნის საჭრელი დანა, ჭიქები, ფოტოები და მისი ხელნაწერი სიტყვა სასამართლოდან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი წელთაღრიცხვით წმიდა იოსებ ხუცესის მოხევე მღვდელის ხსენების დღეა.