3 ოქტომბერი წმინდა ევტათისა და მისი ოჯახის ხსენების დღეა
რწმენის, ერთგულებისა და ქრისტესთვის თავგანწირვის მაგალითი.
წმინდა ევსტათი, ნათლისღებამდე პლაკიდა, რომის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მხედართმთავარი იყო I–II საუკუნეებში. იგი მსახურობდა იმპერატორთა ტიტუსისა და ტრაიანეს დროს და თავისი სიმამაცით ცნობილიც გახდა – იმდენად, რომ მტრებს მისი სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა. მაგრამ სამხედრო დიდებას ზეციური გამოცხადება შეცვლიდა და მის ცხოვრებას სრულიად ახალ გზაზე დააყენებდა.
ერთხელ, ნადირობისას, პლაკიდამ კლდეზე შეჩერებულ ირმს სდია. სწორედ მაშინ იხილა საოცარი სურათი – ცხოველის რქებს შორის ჯვარი გაბრწყინდა და მასზე ჯვარცმული მაცხოვარი გამოეცხადა. ქრისტემ მას მიმართა: „პლაკიდა, რისთვის მდევნი მე?“ ეს ხილვა გადამწყვეტი აღმოჩნდა: მხედართმთავარმა ოჯახთან ერთად მოინათლა, მიიღო სახელი ევსტათი და დაიწყო ახალი ცხოვრება, სავსე რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.
ნათლისღების შემდეგ ევსტათი არაერთ განსაცდელს შეხვდა – დაკარგა ქონება, მსახურები, ოჯახიც კი. მეუღლე მტაცებელი გემთმფლობელის ხელში ჩავარდა, შვილები კი ცხოველებს გაატაცეს. მიუხედავად ამისა, ევსტათი რწმენას არ განუდგა და სიმდაბლით განაგრძო ცხოვრება. წლების შემდეგ ღვთის განგებით საოცარი ამბავი მოხდა – მეუღლე და შვილები კვლავ მასთან გაერთიანდნენ.
ტრაიანემ იგი კვლავ მხედართმთავრად დააბრუნა და მის ლაშქარს უდიდესი გამარჯვება ხვდა წილად. თუმცა ახალმა იმპერატორმა ადრიანემ ქრისტიანობის მიმართ სიმკაცრე გამოიჩინა. მან ევსტათის ოჯახს წარმართ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანმა მტკიცე უარით უპასუხა: „ქრისტიანი ვარ და მხოლოდ მას ვემსახურები.“
ამის შემდეგ მთელი ოჯახი ჯერ მხეცებს მიუყარეს, მაგრამ ცხოველებმა მათთან მიახლოებაც ვერ გაბედეს. საბოლოოდ ისინი გახურებულ სპილენძის ხარში ჩაყარეს. სამი დღის შემდეგ მათი სხეულები უვნებელი აღმოჩნდა, სახეები კი ზეციური ნათლით უბრწყინავდათ. ეს მოვლენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მრავალი მნახველი მაშინვე მოექცა
ქრისტიანობაზე.
დღეს წმიდა დიდმოწამე ევსტათი, მისი მეუღლე თეოპისტია და შვილები – აღაპი და თეოპისტე, ქრისტესადმი ერთგულების და უსაზღვრო რწმენის სიმბოლოებად რჩებიან. მათი ხსენება მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში 3 ოქტომბერს აღინიშნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა „აღმადგინებელი“.