სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას
პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგება წარმოთქვა.
პატრიარქმა მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქრისტეს ჯვრის თაყვანისცემით მორწმუნეები არა მხოლოდ უფლის თავგანწირულ სიყვარულს, არამედ მკვდრეთით აღდგომის იმედსა და სიხარულსაც განადიდებენ.
„უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის, დამნაშავეებისთვის, რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს. და აი, როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ, პირველ რიგში, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ სიყვარულის ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ქადაგებისას პატრიარქმა ისაუბრა სულიერი ჯვრის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ადამიანის ჯვარი შეიძლება შედგებოდეს ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, მწუხარებისგან, სნეულებებისა და ოჯახური სირთულეებისგან.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, ის საკუთარ ჯვარს ამსუბუქებს, ხოლო როდესაც ადამიანი ცდილობს ჯვარს გაექცეს, ამით ქრისტეს ჯვარსა და თავად უფალს შორდება.
„როდესაც მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული“, – აღნიშნა პატრიარქმა შიო III-მ.
ქადაგების მეორე ნაწილში კათოლიკოს-პატრიარქმა 27 სექტემბრის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პატრიარქის განცხადებით, აფხაზეთის ომმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით ათასი ადამიანი კი საკუთარი მიწა-წყლიდან, სახლიდან და კუთხიდან განდევნა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც ღვთისგან დადებული დიდი ჯვარია. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მან გაიხსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვებიც, რომ აფხაზეთის ომში გამარჯვებული არავინ ყოფილა.
პატრიარქ შიო III-ის თქმით, თუ საზოგადოებას სურს, ეს მძიმე ისტორიული ჯვარი ღირსეულად ზიდოს და მომავალში ქართველთა და აფხაზთა ერთიანობისა და გადარჩენის გზა გაიხსნას, ამის საფუძველი სიყვარული, შენდობა და ურთიერთპატიება უნდა იყოს.
„თუ გვინდა, ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, ანუ ჩვენი ერი, ქართველობაც და აფხაზობაც, კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთშენდობა, ურთიერთპატიება“, – განაცხადა მან.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღესრულა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ლოცვაში მოიხსენიეს როგორც ქართველი, ისე აფხაზი დაღუპულები, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპული ადამიანები.
ქადაგების დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს მშვიდობა, გაძლიერება, ერთიანობა და გადარჩენა უსურვა და აღნიშნა, რომ ჯვრის ძალამ და მადლმა თითოეული ადამიანი გააძლიეროს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
