სინაზე ეკატერინეს მონასტრის იღუმენი: სიტუაცია კრიტიკულია
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერს ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო დახურვის საფრთხე ემუქრება.
სინას, ფარანისა და რაიფის არქიეპისკოპოსმა დამიანემ, რომელიც აგრეთვე არის სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის იღუმენი, ბერძნულ რესურსთან Ekirikas ინტერვიუში ისაუბრა იმ კრიტიკული სიტუაციის შესახებ, რომელიც შეიქმნა უძველესი მონასტრის გარშემო.
91 წლის მეუფე, რომელიც უკვე 27 წელია წინამძღვრობს მონასტერს, იუწყება, რომ ათ წელზე მეტია, რაც საძმო იძულებულია იბრძოლოს სასამართლოებში თავისი უფლებებისთვის მონასტრის მიწებზე. დღეს მონასტერში 18-20 ბერი მოღვაწეობს.
კითხვაზე, თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მონასტრიდან „განსახლების“ შესახებ, არქიეპისკოპოსმა დამიანემ განაცხადა, რომ ეს „სასამართლოს ხრიკებია“ და კონფლიქტის წინაისტორია განმარტა.
„1980 წელს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ რაიონებში, სადაც მიწის კადასტრი არ არსებობს, უძრავი ქონების მესაკუთრეებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია. მონასტერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ასეთი დეკლარაცია წარადგინა - მთელ ქონებაზე: პატარა ბაღებზე, პატარა ეკლესიებზე. საერთო ჯამში ჩვენ გადავეცით დოკუმენტების 71 საქაღალდე და მათი ჩაბარება წერილობითაც დაგვიდასტურეს“, - თქვა მეუფემ.
ის განაგრძობდა: „ჩვენ ველოდებოდით, როდის მოვა კომისია და აღიარებს ამ მიწებზე მესაკუთრეობის უფლებებს. თუმცა სხვებს, ვისაც მიწის დიდი ნაკვეთები ჰქონდათ, მისცეს მესაკუთრეობის უფლება, ჩვენ კი ვერაფერი ვერ მივიღეთ. ოცი წლის შემდეგ ეგვიპტის მთავრობა მოვიდა ჩვენთან და გვითხრა: ეს ძალზე ბევრია, ეს ასე არ არის, ის ისე არ არის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არაფრისმომცემია. ჩვენ გვეუბნებიან: თქვენ არ გაქვთ მესაკუთრეობის უფლება, თქვენ ადგილობრივები არ ხართ, - თუმცა სინაზე ჩვენ VI საუკუნიდან ვცხოვრობთ”.
არქიეპისკოპოსმა აგრეთვე გარე ფაქტორების გავლენაზე ისაუბრა: „ჩვენ დავზარალდით არეულობისგან, რომელიც შეიქმნა რელიგიურ ფანატიკოს-მუსულმანთა გამოსვლების დროს, ისინი გვიყურებდნენ როგორც დამპყრობლებს, თითქოს ჩვენ ვიყიდეთ ეს მამულები, როგორც ამას მრავალი სხვა აკეთებდა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იყიდეს მიწები, თანაც უკანონოდ“.
„ხელისუფლება მოგებას იღებს მომლოცველებისგან, რომლებიც ჩამოდიან, რომ თაყვანი სცენ სინას სიწმინდეებს, მაგრამ ამასთანავე ის უარს ამბობს, რომ ამ მიწაზე ჩვენი უფლებები აღიაროს“, - ხაზი გაუსვა არქიეპისკოპოსმა დამიანემ.
პრობლემამ მიიქცია ყურადღება მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე. ეგვიპტის პრეზიდენტმა ას-სისიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მიაღწიეს შეთანხმებას მონასტრის ბედთან დაკავშირებით, თუმცა ეგვიპტელი ჩინოვნიკები ადგილობრივად სრულიად სხვა მოთხოვნებს აყენებენ.
წინა კვირას არქიეპისკოპოსის წარმომადგენელი შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გეორგიოს გერაპეტრიტისს კრიზისული სიტუაციის განსახილველად.
„მივედით იქამდე, რომ ხელისუფლებას ასე მივმართავთ: ან მიიღებთ გადაწყვეტილებას, ან ჩვენ თვითონ დავხურავთ მონასტერს“, - განაცხადა მეუფე დამიანემ.
თუმცა არქიეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ ბერებს არ სურთ საქმის გამწვავება: „ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია ეს, არ გვსურდა მონასტრის დახურვა, არეულობა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების შეჩერება. არ გვსურს ეგვიპტელებისთვის ზიანის მიყენება“.
„ეგვიპტის ხელისუფლება პრობლემის სერიუზულობის შემცირებას ცდილობს, ის ამტკიცებს, რომ ზრუნავს მონასტერზე, მაგრამ ფაქტიურად ახრჩობს მას“, - მტკიცედ აცხადებდა 91 წლის იერარქი. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, „ეგვიპტელებს არ სურდათ, რომ ეს პრობლება საყოველთაოდ ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ თვითონვე გამოიტანეს ის განსახილველად, ჩვენ კი მხოლოდ თავს ვიცავთ“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ იერუსალიმის საპატრიარქომ ეგვიპტეს სინაზე მონასტრის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.