გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განმარტებებს ავრცელებს
კომიტეტის განცხადებით, დროებითი გადახურვისა და გათბობა-ვენტილაციის სისტემა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით, მკაცრი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ხორციელდება.
22 დეკემბერს სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გავრცელდა განცხადებები, რომლებიც გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემას შეეხებოდა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები სუბიექტურ შეხედულებებს ეფუძნება და წარმოადგენს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც პროფესიულ ეთიკას მოკლებულია.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კომიტეტმა დეტალურად განმარტა, რომ 2025 წლის 25 ივნისს გაკეთებული განცხადება ეხებოდა ერთიანი დროებითი გადახურვის *სტრუქტურული სამუშაოების დასრულებას*, ხოლო არა მისი ყველა თანმდევი კომპონენტის სრულად დამთავრებას. როგორც განმარტებაშია აღნიშნული, გადახურვის გარკვეული ნაწილები განზრახ დარჩა ღიად, რათა ტაძარი ეტაპობრივად შეგუებოდა ახალ კლიმატურ გარემოს, ხოლო მათი დახურვა პროექტის მიხედვით ოქტომბერში განხორციელდა.
კომიტეტის ცნობით, დროებითი გადახურვის პროექტის დასრულების ეტაპი ითვალისწინებს PVC საფარის გათბობა-ვენტილაციის სისტემის მონტაჟს, რომლის დაგეგმვა და პროექტირება ბოლო რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გათბობის სისტემის დანიშნულებაა გადახურვაზე დაგროვილი თოვლის დნობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სისქე 20 სანტიმეტრს გადააჭარბებს.
განმარტებაში ხაზგასმულია, რომ სისტემა ფუნქციონირებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მოკლე დროით. სპეციალისტების მიერ დადგენილია უსაფრთხო ტემპერატურული დიაპაზონი (+9°C-დან +14°C-მდე), რომელიც გამორიცხავს როგორც კონდენსატის წარმოქმნას, ისე ტაძრის კედლებისა და მხატვრობის დაზიანების რისკს.
კომიტეტი ასევე უარყოფს ბრალდებას, თითქოს რეაბილიტაციის პროცესში არ მონაწილეობდეს გარემო პირობების სპეციალისტი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელობას ახორციელებს მსოფლიოში აღიარებული გარემო პირობების მკვლევარი, პროფესორი დარიო კამუფო, ხოლო მთლიან პროცესს ხელმძღვანელობს საერთაშორისო რანგის ინჟინერ-რესტავრატორი ნიკოლა ბერლუკი.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებით, მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი თავისი მასშტაბითა და სირთულით უნიკალურია და რეგიონში ანალოგი არ გააჩნია. კომიტეტი საზოგადოებას მოუწოდებს კრიტიკისკენ პასუხისმგებლიანი და ობიექტური მიდგომისაკენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა სამუშაო ეფუძნება სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომიტეტის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, როგორც ეროვნული და საკრალური მნიშვნელობის ძეგლი, მაღალი საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად იქნება რეაბილიტირებული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.