საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების ახალი კლუბები ფუძნდება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მესამე ეტაპის სკოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
2025 წლის 10 დეკემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა იმ საჯარო სკოლების დირექტორებთან, რომლებიც ღირებულებითი განათლების პროგრამის მესამე ეტაპში ერთვებიან. შეხვედრაზე მათ წარედგინათ პროგრამის ძირითადი მიზნები, პრინციპები, საქმიანობის ფორმატი და თანამშრომლობის ჩარჩო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პროგრამის მნიშვნელობას მოზარდების პიროვნულ ჩამოყალიბებაში და აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობის საჭიროება.
შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, რომელმაც საფუძვლიანად უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს და განმარტა პროგრამის განხორციელების დეტალები.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მადლობას უხდის ყველა სკოლის დირექტორს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. მათი მხარდაჭერა უზრუნველყოფს ღირებულებითი განათლების პროგრამის უფრო ეფექტიან, სისტემურ და გრძელვადიან განვითარებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 დეკემბერს ღირსმოწამე სტეფანე ახლის, ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის დღე აღინიშნება.