რუმინეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდო გადაეცა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს
პრეზიდენტმა ნიკუშორ დანიელ დანმა პატრიარქი დააჯილდოვა დიალოგის, გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული ღირებულებების დაცვისათვის შეტანილი წვლილისთვის.
2025 წლის 27 ოქტომბერს, ბუქარესტში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე, რუმინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანიელ დანმა ქვეყნის უმაღლესი ეროვნული ჯილდო „ვარსკვლავის ორდენის სამაჯური“ გადასცა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ჯილდო გადაეცა დიალოგის ხელშეწყობისთვის, გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებული აქტიური საქმიანობისთვის და ფუნდამენტური ჰუმანიტარული ღირებულებების დაცვისადმი ერთგულებისთვის.
მისი უწმინდესობა ბართლომეოსი მადლიერებით მიესალმა ამ აღიარებას და აღნიშნა, რომ ჯილდო მიეკუთვნება კონსტანტინოპოლის ყოვლადწმინდა სამოციქულო და ეკუმენურ საპატრიარქოს, რომელსაც იგი უკვე ოცდათოთხმეტი წელია ემსახურება.
„ეკლესია პოლიტიკას არ ეხება ტერმინის ვიწრო გაგებით, მაგრამ ხელს უწყობს პოლიტიკის ჰუმანისტურ გამდიდრებას, რადგან პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში დგას ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი. არაფერი ამართლებს ადამიანის ღირსებისა და უფლებების დარღვევას,“ — განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
მისი უწმინდესობა მადლობას გადაუხადა პრეზიდენტს და რუმინეთის ხალხს განსაკუთრებული პატივისათვის, უსურვა ჯანმრთელობა, სულიერი ძალა და ზეციური კურთხევა მათ საქმიანობაში.
ცერემონიაზე რუმინეთის ეკლესიასაც გადაეცა ქვეყნის უმაღლესი საპატიო ჯილდო იურიდიული პირებისთვის, რუმინული საზოგადოების საკეთილდღეოდ მისი დაუღალავი მოღვაწეობის აღიარების ნიშნად. ჯილდო მიიღო რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა, რომელიც მსოფლიო პატრიარქთან ერთად ესწრებოდა ცერემონიას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქის დელეგაციის წევრები, რუმინეთის ეკლესიის იერარქები და პრეზიდენტობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ცერემონიამდე გაიმართა ერთსაათიანი შეხვედრა პრეზიდენტთან, მსოფლიო და რუმინეთის პატრიარქებთან, სადაც განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე აქტუალური საკითხები.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუქარესტში პატრიარქებმა ბართლომემ და დანიელმა მსოფლიოში ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი აკურთხეს.