სურამისა და ხაშურის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს 16:25
12
სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპარქიამ მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ აღსრულებულ ნათლობასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გაავრცელა და განსვენებული მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა.

სურამისა და ხაშურის ეპარქიამ მრევლისა და საზოგადოების მიმართ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რა შემთხვევაშია საჭირო აწ განსვენებული მღვდელმსახურების — მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ აღსრულებული ნათლობის წესის სრულყოფა.

ეპარქიის ცნობით, დამატებითი განმარტების საჭიროება წლების განმავლობაში მორწმუნეთა მხრიდან შემოსულმა შეკითხვებმა განაპირობა. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საუბარი არ შეეხება ხელმეორედ მონათვლას.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ იგულისხმება ხელმეორედ მონათვლა, რაც მართლმადიდებლური სწავლებით მკაცრად იკრძალება და დაუშვებელია“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე სურამისა და ხაშურის ეპარქიის წარმომადგენელმა ნათლობის საკითხზე განმარტება გაავრცელა
მამა დავით კაბერაშვილმა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ შესრულებული ნათლობის წესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა და მრევლს უმაღლესი საეკლესიო იერარქიის გადაწყვეტილების დალოდებისკენ მოუწოდა.

ეპარქიის განმარტებით, საკითხი ეხება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საბჭოთა პერიოდის სირთულეებისა და შემდგომში მოძღვრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ნათლობის წესი არასრულად შესრულდა. კერძოდ, თუ ლოცვა არასრულად იყო წაკითხული, ხდება მისი სრულყოფილად წაკითხვა, ხოლო თუ წყალში შთაფლვის ნაცვლად მხოლოდ წყლის მისხურება განხორციელდა — ნაკურთხ წყალში განბანვა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული მიდგომა ახალი არ არის. შესაბამისი გადაწყვეტილება ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან კონსულტაციისა და მისი ლოცვა-კურთხევის საფუძველზე იქნა მიღებული. ეპარქიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასულიერო პირები თითოეულ ასეთ შემთხვევას განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ეპარქიამ პატივისცემით გაიხსენა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის ღვაწლი და აღნიშნა, რომ მათ უმძიმეს პირობებში, კომუნისტური რეჟიმის დროს უწევდათ მსახურება, როდესაც ეკლესიური ცხოვრება და საიდუმლოებათა აღსრულება იდევნებოდა.

„მათი ხსოვნისა და ამაგისადმი პატივისცემა უცვლელია, მარადჟამს ვმადლობთ მათ ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის განცხადებით, განმარტების მიზანია, მრევლს ჰქონდეს ამომწურავი და სწორი ინფორმაცია, თავიდან იქნეს აცილებული გაურკვევლობა და ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებულ საკითხებს სათანადო კრძალვითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ