„ნუკას საყდარი“
ძეგლის მდგომარეობა კრიტიკულია - მისი ქვის გადახურვის ნაწილი უკვე ჩამოშლილია.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტო basilica.ro-მ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი ისტორიული ქართული ეკლესიის შესახებ. კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, ჩამოშლის პირას მყოფი ათასწლოვანი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის გადასარჩენად მასშტაბური საერთაშორისო ინიციატივა დაიწყო. ხუთი ქვეყნის - საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთისა და არგენტინის - არქიტექტორთა, დიზაინერთა, რეჟისორთა და რესტავრატორთა გაერთიანებული ჯგუფი X-XI საუკუნეების „ნუკას საყდრის“ ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოების მომზადებას იწყებს.
ესპანელი არქიტექტორისა და პროექტის კოორდინატორის, ტასილო დე ლა ტორე შონბორნის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ართვინის პროვინციაში მდებარე „ნუკას საყდარი“ ვრცელი სამონასტრო კომპლექსის ერთადერთი გადარჩენილი ნაგებობაა. ეკლესია ხეობის ციცაბო ფერდობზე, ავტოტრანსპორ-ტისთვის სრულიად მიუვალ, ვიწრო პლატფორმაზეა აღმართული. ძეგლის მდგომარეობა კრიტიკულია - მისი ქვის გადახურვის ნაწილი უკვე ჩამოშლილია. მიუხედავად იმისა, რომ 1904 წელს გამოჩენილმა ენათმეცნიერმა და არქეოლოგმა ნიკო მარმა ეკლესიას ფოტოსურათები გადაუღო, ძეგლის სრული არქიტექტურული დოკუმენტირება დღემდე არ განხორციელებულა.
სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად დაგეგმილი ექსპედიცია. სპეციალისტები შეიმუშავებენ ძეგლის გეგმებს, ჭრილებს, ფასადებსა და გენერალურ გეგმას, რაც სამომავლო სარეაბილიტაციო პროექტის აუცილებელი წინაპირობაა.
ძეგლის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აზომვითი სამუშაოები კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ექსპედიცია გამოიყენებს როგორც ტრადიციულ, მექანიკურ მეთოდებს, ისე თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს: ინტერიერი ლაზერულად დასკანერდება, ხოლო რთულად მისადგომი ფასადი დრონების მეშვეობით გადაიღება, რათა შეიქმნას მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი წერტილოვანი ღრუბელი.
ობიექტის სრული იზოლაცია მკვლევარებისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ექსპედიციის წევრები ორი კვირის განმართლობაში უშუალოდ ტაძრის ტერიტორიაზე იცხოვრებენ. ადგილზე არ არის ელექტროენერგია, მობილური კავშირი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. ტასილო დე ლა ტორე შონბორნის თქმით: „ზუსტი ნახაზების გარეშე წინსვლა შეუძლებელია: ვერ მივიღებთ რესტავრაციის ნებართვას, ვერ მოვიზიდავთ დაფინანსებას და ვერ დავდგამთ სამშენებლო ხარაჩოებსაც კი. სწორედ სათანადო დოკუმენტაციის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ ტაძრის სახურავი დღემდე ღია ცის ქვეშ რჩება“.
საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯგუფი მომზადებულ დოკუმენტაციას ერზრუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურს წარუდგენს. პროექტის საბოლოო მიზანია, შესაბამისი უწყებების თანხმობის საფუძველზე, 2027 წლიდან დაიწყოს ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები, რომლებსაც თურქი არქიტექტორ-რესტავრატორები განახორციელებენ.
ექსპედიციის პარალელურად, გადაიღებენ 10-დან 20 წუთამდე ხანგრძლივობის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს როგორც ძეგლის კვლევის პროცესს, ისე საერთაშორისო ჯგუფის ყოველდღიურ ცხოვრებას ექსპედიციის მსვლელობისას. ვიდეომასალა პროექტის პოპულარიზაციასა და შემდგომი საკონსერვაციო ეტაპებისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვას მოემსახურება.
საერთაშორისო ინიციატივა ამჟამადაც აქტიურად აგრძელებს ფინანსური, ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის მოძიებას.
ექსპედიციის შედეგად მიღებული სამეცნიერო მონაცემები კი არქიტექტურის, რესტავრაციისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნდება.
სამწუხაროდ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ასეთ მნიშვნელოვან ძეგლზე საუბრისას ქართული სამეცნიერო სკოლისა და მკვლევრების ღვაწლი დიდწილად იგნორირებულია. ნუკას საყდარი ტაო-კლარჯეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, რომლის ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების გამოვლენასა და დოკუმენტირებაში ქართველ მკვლევრებს გადამწყვეტი როლი აქვთ შესრულებული. 1904 წელს შავშეთ-კლარჯეთში მოგზაურობისას ნიკო მარმა პირველად აღწერა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ტაძრის შესახებ ცნობები. მან შეადგინა ძეგლის პირველადი აღწერილობა, რაც დღემდე ფუნდამენტურ წყაროდ ითვლება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მას შემდეგ ტაძრის მდგომარეობა საგრძნობლად დაზიანდა. თანამედროვე პერიოდში ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიამ დეტალურად შეისწავლა კლარჯეთის მონასტრები და მათ შორის ნუკას საყდარიც. თავის ფუნდამენტურ ნაშრომებში მან მოგვცა ძეგლის არქიტექტურული ანალიზი, დაათარიღა იგი (IX-X საუკუნეები) და განსაზღვრა მისი ადგილი ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის საერთო კონტექსტში. ტაო-კლარჯეთის ძეგლების ტოპოგრაფია, არქიტექტურული ტიპოლოგია და ისტორიული კონტექსტი სწორედ ქართველი მეცნიერების (ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ ჯობაძე, დავით ხოშტარია და სხვები) ათწლეულების შრომის შედეგად არის შესწავლილი.
გარდა სამეცნიერო, თუ ტექნიკური მხარისა, უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს ძეგლთა სულიერი და ეროვნული იდენტობაც. ტაო-კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრები წმინდად ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობაა. შესაბამისად, ნებისმიერი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ინიციატივის, კვლევისა და მით უმეტეს, სასიკეთო ჩარევისა, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვისას, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ქართველ სპეციალისტებთან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია.
გვახსენდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პოზიცია და მეტად საყურადღებო სიტყვები, როდესაც იგი ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების ბედზე საუბრობდა: „ტაო-კლარჯეთი ჩვენი სულიერი და კულტურული ფესვებია. თითოეული ქვა, თითოეული ტაძარი იქ ჩვენი წინაპრების ლოცვითა და ამაგით არის სავსე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ წირვა-ლოცვა აღარ აღესრულება, ეს ძეგლები მაინც რჩება საქართველოს ეკლესიის განუყოფელ ნაწილად და ჩვენს უდიდეს სიწმინდედ. მათი მოვლა-პატრონობა და გადარჩენა ჩვენი საერთო ვალია, რაც მხოლოდ ურთიერთპატივისცემითა და ეკლესიასთან შეთანხმებული ნაბიჯებით უნდა განხორციელდეს.“
ამგვარად, ნებისმიერი პროექტი, რომელიც „ნუკას საყდრისა“, თუ ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლების გადარჩენას ისახავს მიზნად, სრულყოფილი და ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასში სრულად იქნება გათვალისწინებული ქართული მხარისა და საქართველოს ეკლესიის ჩართულობა.
