ხობის საეკლესიო კომპლექსი - მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი
ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის კომპლექსი 2013 წლიდან სამეგრელოში სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია.
ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდა დიდმოწამე გიორგისა და წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია, რომელიც მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვან სულიერ ცენტრს წარმოადგენს.
კომპლექსის ისტორია 2006 წელს იწყება. ბზობის დღესასწაულზე მისი საძირკველი აკურთხა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოსი შიო.
რამდენიმეწლიანი მშენებლობის შემდეგ, 2013 წელს საეკლესიო კომპლექსი დასრულდა და დღემდე მრავალი მომლოცველისა და დამთვალიერებლის მასპინძელია. მისი პროექტის ავტორია ღვაწლმოსილი ქართველი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშია, ხოლო კომპლექსის ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.
კომპლექსის განსაკუთრებული სიწმინდეა 2013 წელს კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი. ეს უდიდესი სულიერი საგანძური ტაძარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მრავალი მორწმუნისთვის ლოცვისა და თაყვანისცემის ადგილად აქცევს.
დღეს ხობის საეკლესიო კომპლექსი მხოლოდ არქიტექტურული ნაგებობა არ არის. იგი წარმოადგენს სულიერებისა და ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის მნიშვნელოვან კერას, სადაც ერთმანეთს ერწყმის ლოცვა, ისტორიული მემკვიდრეობა და ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ცხოვრება.
[04:55, 31.07.2026] ბაჩი ტელეგრამი: სათაური:
31 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს კოზმან ხუცეს-მონაზონს იხსენებს
ქვესათაური:
დავით გარეჯის წმიდა მოღვაწე, მწიგნობარი და მეფსალმუნე, რომელმაც ქრისტესთვის მოწამებრივი აღსასრული მიიღო.
31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენებს ღირს კოზმან ხუცეს-მონაზონს — დავით გარეჯის მონასტრის წმიდა მოღვაწეს, მწიგნობარსა და ქრისტესთვის წამებულს.
წმიდა კოზმანი დაახლოებით 1590 წელს დაიბადა. იგი ღრმად განათლებული, კეთილმწიგნობარი და წმიდა ცხოვრებით გამორჩეული მონაზონი იყო, რომელიც დავით გარეჯის სახელგანთქმულ სამონასტრო კომპლექსში მოღვაწეობდა.
დავით გარეჯის მონასტერი, რომელიც ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსდა, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. აქ იქმნებოდა სასულიერო თხზულებები, იწერებოდა და მრავლდებოდა ქართული ხელნაწერები, ხოლო გარეჯელი მამები მნიშვნელოვან წვლილს დებდნენ ქართული აგიოგრაფიული და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური ლიტერატურის განვითარებაში.
ანტონ კათოლიკოსის გადმოცემით, წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონი იყო „კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე“, გამორჩეული სიბრძნითა და ღვთისმოსაობით. ცნობილია, რომ მას დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, თუმცა ეს თხზულება დღემდე არ შემონახულა.
პლატონ იოსელიანის ცნობით, დავით გარეჯის უდაბნოს დარბევისას წმიდა კოზმანი ლეკებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და 1630 წელს მოწამებრივად აღესრულა.
მისი ხსენების დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს დავით გარეჯის მონასტრის დიდ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას და იმ მოღვაწეთა თავდადებას, რომლებმაც რწმენისა და სამშობლოს სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.