მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

გუშინ 12:04
84
ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა (100000) მოწამეთა ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა (100000) მოწამეთა

1227 წელს ხვარაზმელთა სულთან ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოების დაცვისა და წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის თბილისელმა ქრისტიანებმა მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს.

13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა ათი ბევრი (100 000) მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ისინი 1227 წელს თბილისში ხვარაზმელთა სულთან ჯალალედინის შემოსევის დროს ქრისტეს სარწმუნოებისთვის ეწამნენ.

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში 100 000 მოწამის ღვაწლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მათი მოწამებრივი აღსასრული ქართველი ერის სარწმუნოებისადმი ერთგულებისა და ქრისტიანული სიმტკიცის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაგალითად მიიჩნევა.

წმიდა თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მძიმე პერიოდი დაუდგა. ქვეყნის შიდა დაპირისპირებებსა და პოლიტიკურ არეულობას მონღოლთა შემოსევებისგან დევნილი ხვარაზმის სულთანის, ჯალალედინის, გამოჩენაც დაემატა. საქართველოს მაშინ თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა.

1225 წელს გარნისთან გამართულ ბრძოლაში ქართველთა ლაშქარი დამარცხდა. მოგვიანებით ჯალალედინმა ავაგ მხარგრძელს რუსუდანთან ქორწინება და საქართველოს მეფობა შესთავაზა, თუმცა შეთავაზება უარყოფილ იქნა. განრისხებულმა სულთანმა თბილისისკენ გაილაშქრა.

ქართველებმა მტერს თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწიეს და მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვეს, თუმცა ქალაქში მცხოვრები სპარსელების ღალატის შედეგად მტერმა თბილისის კარიბჭე გახსნა და ქალაქში შეიჭრა.

ჯალალედინის შემოსევას თბილისში სასტიკი სისხლისღვრა და მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა მოჰყვა. ქალაქი გვამებით აივსო, მტკვარი კი დახოცილთა სხეულებმა დაფარა.

სულთანის ბრძანებით სიონის ტაძრის გუმბათი დაანგრიეს და მის ადგილზე ჯალალედინის საჯდომელი დადგეს. მოგვიანებით სიონის ტაძრიდან მტკვარზე გადებული ხიდის თავზე წმიდა ხატები დაასვენეს და მოსახლეობას მათი ფეხქვეშ გათელვა და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ელოდათ.

ქრისტიანებმა უარი თქვეს სარწმუნოების ღალატზე და წმიდა ხატების შეურაცხყოფაზე. ამის გამო ასი ათასი თბილისელი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

მათი მოწამებრივი ღვაწლი საუკუნეების განმავლობაში რჩება ქრისტიანული რწმენის, თავდადებისა და სულიერი სიმტკიცის უმნიშვნელოვანეს მაგალითად.

13 ნოემბერს ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა 100 000 მოწამის ხსოვნას, რომელთა სისხლითაც დაიწერა საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი, მაგრამ ამავე დროს უდიდესი სულიერი გმირობის ფურცელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ