პატრიარქმა შიო III-მ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ქადაგება წარმოთქვა

დღეს 10:57
140
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მეტეხის ხიდზე. ფოტო: მჟკ ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მეტეხის ხიდზე. ფოტო: მჟკ

„ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების ხსენებისა, ვიყოთ მემკვიდრენი მათი უფლისადმი სიყვარულში, უფლის ერთგულებაში“, – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.

13 ნოემბერს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგება წარმოთქვა.

უწმინდესმა და უნეტარესმა შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა ასი ათასი მოწამე, ისევე როგორც სხვა წმინდა მოწამეები, ქრისტიანული ეკლესიის დიდება და მშვენებაა და ყველაზე ძლიერი ქადაგებაა მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე.

ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა განმარტა სიტყვა „მოწამის“ მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ბერძნული სიტყვა „მარტის“ მოწმესა და მოწამეს ნიშნავს. მისი თქმით, წმინდა მოწამეები თავიანთი ღვაწლით მოწმობდნენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არანაირი ძალა არ აქვს და რომ ქრისტეს მიერ ადამიანს მარადიული სიცოცხლე ეძლევა.

„წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა; რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა მოწამეები ქრისტესთვის სიცოცხლეს სწირავდნენ, რათა მისი სიკვდილზე გამარჯვების თანაზიარნი გამხდარიყვნენ. ამასთან, მან გაიხსენა წმინდა მამების სწავლება, რომლის მიხედვითაც მოწამეობა მიწაში ჩავარდნილ მარცვალს ჰგავს, რომელიც ქრისტიანობისთვის ნაყოფიერ თესლად იქცა.

პატრიარქის თქმით, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვებისა და სიკვდილით დასჯისა, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა და ქრისტეს სწავლება ვრცელდებოდა. ამ პროცესის დასაწყისში განსაკუთრებული ადგილი წმინდა მოციქულთა ქადაგებას ეკავა, რომელთა უმრავლესობამაც ქრისტეს ერთგულ მოწმედ ყოფნისთვის მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

„მათ შემდეგაც, შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას. ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი; მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამასოფლისგან მომდინარე სიძულვილისა და წარმართობის დამარცხება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას უწმინდესმა გაიხსენა ეკლესიის ისტორიული გზა და ის პერიოდები, როდესაც ქრისტიანული სარწმუნოება სხვადასხვა წინააღმდეგობისა და დევნის პირობებში არსებობას აგრძელებდა. მან ასევე ისაუბრა წმინდა კეთილმსახური და მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინე დიდის ეპოქასა და XX საუკუნეზე, როდესაც, მისი შეფასებით, ათეისტური ხელისუფლება ეკლესიასთან ბრძოლაში დამარცხდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკლესიის 1700-წლიან ისტორიაზეც და აღნიშნა, რომ დღეს მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება და ხელისუფლება ერთად აღნიშნავს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს.

„დღეს ჩვენ – მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც – ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, ეკლესია დგას და არსებობს! და ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე: „მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16, 18)“, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებს სწამთ, წმინდა მოწამეთა ლოცვით უფალმა შეიწყალა ქართველი ერი, მოუწოდა მას ეკლესიაში სულის გადასარჩენად და ცხონების გზაზე დასადგომად. მისი თქმით, თითოეული ადამიანის ვალია, ღირსეულად ატარებდეს წმინდანთა ხსენებას და მათი სულიერი მემკვიდრეობის გამგრძელებელი იყოს.

„ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების – წმინდანების – ხსენებისა, ვისაც დღეს ვადიდებთ; ვიყოთ მემკვიდრენი მათი უფლისადმი სიყვარულში, უფლის ერთგულებაში“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეს შეევედროს, რათა მათ ასწავლონ ქრისტეს ერთგულ მოწმეებად ყოფნა.

„დღეს ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ჩვენც შევძლოთ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიამ დაადასტურა, ქართველი ერის გადარჩენა სწორედ ქრისტიანული გზის ერთგულებამ განაპირობა. მისი თქმით, ამ გზის ერთგულება მომავალშიც ქვეყნის გაძლიერების, გადარჩენისა და გამთლიანების საწინდარი იქნება.

„ამდენად, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გადარჩეს და გამთლიანდეს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე, შენდობა და შეწევნა შესთხოვა წმინდა მოწამეებს და ღვთისადმი ლოცვით მიმართა, რათა მათი მეოხებით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

„წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ