მიტროპოლიტი იობი: „უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – გამოჩნდება, ვინ ვინ არის“

დღეს 16:10
70
მროველ-ურბნელი მიტროპოლოტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მროველ-ურბნელი მიტროპოლოტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ქადაგებაში ადამიანის თავისუფალ ნებაზე, სულიერ არჩევანზე, სიკეთისა და ცოდვის არსსა და სამშობლოს გაფრთხილების აუცილებლობაზე საუბრობს.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ თანამედროვე ეპოქაში ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო და ადამიანების ნამდვილი სახე უფრო ნათლად წარმოჩინდება.

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკეთ გამოჩნდა და „არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“. არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ასეთ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს აუცილებლად მოხდება – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის, და ეს კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვინ არის შენს გვერდით. შეიძლება, შენი ახლობელი იყოს და უბეში გველი გყავდეს“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა იობმა.

ქადაგებაში მიტროპოლიტი იობი ასევე საუბრობს სიბრძნისა და დემოკრატიის განსხვავებაზე და განმარტავს, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე სულიწმინდის მადლით მოიპოვება.

„სიბრძნე სხვა არის და დემოკრატია სხვა არის. სიბრძნე მოდის სულიწმინდის მადლით, დიპლომატია კი არის „ჰოსა“ და „არას“ შორის რაღაცის თქმა.

უფალი, როდესაც სხვადასხვა ხალხთან მიდიოდა, ეკითხებოდა: „რა გნებავს?“ ადამიანი თავისუფალი ნებით არის დაბადებული. ამ თავისუფალ ნებას ან ღმერთისკენ წარმართავს, ან ეშმაკისკენ. მეტი არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ორი ძალა: ღმერთი და ეშმაკი.

თითოეული ჩვენგანი ემსახურება ან ღმერთს, ან ეშმაკს, ნებსით თუ უნებლიედ. ჩვენი ცხოვრების წესს თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ან ერთს ვემსახურებით, ან მეორეს. როდესაც ვცოდავთ, ეშმაკის საქმეს ვაკეთებთ, ხოლო როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ, მაშინ ღმერთის საქმეს ვემსახურებით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა იობმა სამშობლოს სიყვარულისა და ერთმანეთის გაფრთხილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, განურჩევლად მათი სტატუსისა თუ საქმიანობის სფეროსი.

„ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებული ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ – სასულიერო პირი იქნება თუ ერის ადამიანი“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა იობმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი იობი პარეხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ