ეკლესიის ხმა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

16 ნოემბერი 13:00
112
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი. ილუსტრაცია: მჟკ რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი. ილუსტრაცია: მჟკ

ქრისტიანული ისტორია არაერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ეკლესიის მწყემსები, მიუხედავად საერო ხელისუფლების მიმართ პატივისცემისა, საჭიროების შემთხვევაში მის ზნეობრივ მხილებასაც არ ერიდებოდნენ.

ეკლესიის ისტორია ნათლად მოწმობს, რომ მისი მისია არასოდეს შემოფარგლულა მხოლოდ ღვთისმსახურებითა და მორწმუნეთა პირადი სულიერი ცხოვრებით. ქრისტიანული ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, ყოველთვის აცნობიერებდა თავის პასუხისმგებლობას ადამიანის, საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. სახარებისეული ჭეშმარიტების ქადაგება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის პირადი ცოდვისგან განრიდებისკენ მოწოდებას, არამედ იმ საზოგადოებრივი და ზნეობრივი გარემოს შეფასებასაც, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ეკლესიის ხმა ხშირად გასცდენია ტაძრის კედლებს და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეხებია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკლესიისა და საერო ხელისუფლების ურთიერთობის საკითხი. ქრისტიანული მოძღვრება არ უპირისპირებს ერთმანეთს ეკლესიასა და სახელმწიფოს. პირიქით, ორივე მათგანს თავისი დანიშნულება და პასუხისმგებლობა აქვს. სახელმწიფო მოწოდებულია საზოგადოებრივი წესრიგის, სამართლიანობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ეკლესია კი ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნავს, ქადაგებს სახარებისეულ ჭეშმარიტებას და საზოგადოებას ზნეობრივი ორიენტირების შენარჩუნებაში ეხმარება. მათი თანამშრომლობა ქვეყნის მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა თანამშრომლობა არ უნდა იქცეს ეკლესიის ხმის შეზღუდვის ან მისი დამოუკიდებელი სამოძღვრო მისიის დაკნინების საფუძვლად.

ქრისტიანული ისტორია არაერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ეკლესიის მწყემსები, მიუხედავად საერო ხელისუფლების მიმართ პატივისცემისა, საჭიროების შემთხვევაში მის ზნეობრივ მხილებასაც არ ერიდებოდნენ. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია წმინდა ამბროსი მედიოლანელი. 390 წელს თესალონიკში მომხდარი სისხლისღვრის შემდეგ, რომლის ბრძანებაც იმპერატორ თეოდოსი I-ს უკავშირდებოდა, წმინდა ამბროსიმ იმპერატორს სინანულისკენ მოუწოდა და გარკვეული დროით ევქარისტიულ ზიარებაშიც არ მიიღო. ეპისკოპოსის პოზიცია არ წარმოადგენდა იმპერატორის პოლიტიკური ძალაუფლების უარყოფას; იგი გამოხატავდა ქრისტიანულ პრინციპს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ადამიანს ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ამბროსისათვის იმპერატორი უპირველესად ქრისტიანი იყო და, როგორც ყველა ქრისტიანი, ისიც ვალდებული გახლდათ, საკუთარი მოქმედებები სახარებისეულ საზომთან შეესაბამებინა.

მსგავსი სულისკვეთება იკვეთება წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებაშიც. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საზოგადოებრივ სამართლიანობას, ღარიბთა და გაჭირვებულთა მდგომარეობას, ძალაუფლების მქონე პირთა ზნეობრივ პასუხისმგებლობას. მისი ქადაგებები ხშირად ეხებოდა სიმდიდრის არასწორად გამოყენებას, უსამართლობასა და ადამიანური ღირსების შელახვას. იმპერატორის კართან დაპირისპირების მიუხედავად, ოქროპირის მთავარი მიზანი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება კი არ ყოფილა, არამედ ეკლესიის სამოძღვრო მისიის ერთგულება. იგი მიიჩნევდა, რომ მწყემსს არ შეეძლო დუმილი მაშინ, როდესაც საზოგადოებაში უსამართლობა და ზნეობრივი გადახრა იჩენდა თავს.

ამ მხრივ განსაკუთრებით ახლობელი და მნიშვნელოვანი მაგალითია ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილ მის მოღვაწეობაში ნათლად ჩანს, რომ ქართული ეკლესიის დიდ მოძღვარს საერო ხელისუფლებასთან ურთიერთობის განსაკუთრებული კულტურა ჰქონდა. წმინდა მამა აფასებდა აშოტ კურაპალატის სახელმწიფოებრივ ღვაწლს და მასთან თანამშრომლობდა, თუმცა ეს ურთიერთობა არ გულისხმობდა მმართველის ყველა მოქმედების უპირობო მოწონებას. როდესაც აშოტმა ზნეობრივი შეცდომა დაუშვა, ღირსმა მამამ მისი მხილება საჭიროდ მიიჩნია. ამგვარად, გრიგოლ ხანძთელის მაგალითი ცხადყოფს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა არ გამორიცხავს სულიერი მამის მიერ ხელისუფლის ზნეობრივ შეგონებას. პირიქით, სწორედ ასეთი ურთიერთობა შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების გაჯანსაღების საფუძველი.

აღნიშნული ისტორიული მაგალითები განსაკუთრებით საყურადღებოა დღესაც, როდესაც საქართველოს ეკლესიის ზოგიერთი იერარქის მიერ საზოგადოებრივ საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებები ფართო განხილვის საგანი ხდება. განსაკუთრებული რეზონანსი კი გამოიწვია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის, მიერ 10 ნოემბერს ამბიონიდან წარმოთქმულმა ქადაგებამ, სადაც მან მრავალ საკითხთან ერთად მოქმედი ხელისუფლების შესახებაც ისაუბრა. მღვდელმთავრის მიერ ხელისუფლების მოქმედებების შეფასება თავისთავად არ უნდა იქცეს ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების ნიშნად. სასულიერო პირის მთავარი დანიშნულება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა არ არის, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ საკუთარი სამოძღვრო პოზიცია უნდა დამალოს. როდესაც საუბარია ადამიანის ღირსებაზე, ოჯახზე, ახალგაზრდობის მომავალზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ზნეობრივ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, ეკლესიას საკუთარი სათქმელი ნამდვილად აქვს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის ხმა არ გაიგივდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერასთან ან მის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან. ეკლესიის მისია უფრო ფართოა, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლებები იცვლება, პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებულია, საზოგადოებრივი ინტერესები კი ხშირად ერთმანეთსაც უპირისპირდება, მაგრამ სახარებისეული ჭეშმარიტება და ეკლესიის ზნეობრივი პასუხისმგებლობა უცვლელი რჩება. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმატება, არამედ ადამიანის სულიერი და ზნეობრივი კეთილდღეობა, ქვეყნის მშვიდობა და საზოგადოებაში სამართლიანობის დამკვიდრება.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საზოგადოებრივი რეაქციის კულტურაც. განსხვავებული აზრი, მათ შორის მაღალი იერარქის მიერ გამოთქმული მოსაზრების მიუღებლობა, არავის ართმევს კრიტიკის უფლებას. ეკლესიის მსახურებიც არ არიან ადამიანური შეცდომებისგან თავისუფალნი და მათი შეხედულებები შეიძლება გახდეს მსჯელობისა და განხილვის საგანი. თუმცა კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის არსებითი ზღვარი არსებობს. არგუმენტირებული პოლემიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ხოლო გინება, დაცინვა და ადამიანის ღირსების შელახვა ვერასოდეს ჩაანაცვლებს საღ მსჯელობას.

განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირის მიმართ შეურაცხყოფის გამოსახატავად მისი საეკლესიო სახელი გამოიყენება. მღვდელმთავრის სახელის გინების სიტყვათამაშად ქცევა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური ან საზოგადოებრივი პოზიცია აქვს მას, ქრისტიანული სიტყვის კულტურასთან შეუთავსებელია. მით უფრო, რომ ქრისტიანული ტრადიციისათვის სახელი მხოლოდ პიროვნების ამოსაცნობი ნიშანი არ არის; იგი ხშირად წმინდანის ხსოვნასა და მის სულიერ მემკვიდრეობასთანაც არის დაკავშირებული. წმინდა იობის სახელი კი ქრისტიანულ ცნობიერებაში განსაკუთრებულად უკავშირდება მოთმინებას, სიმტკიცესა და ღვთისადმი ერთგულებას. ამიტომ ამ სახელის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენება ვერ ჩაითვლება უბრალოდ განსხვავებული აზრის გამოხატვის ფორმად.

მოციქული პავლე გვასწავლის: „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4:31). ეს შეგონება თანაბრად ეხება ყველას – როგორც სასულიერო პირებს, ისე საერო საზოგადოებას. ქრისტიანული სიტყვის კულტურა გულისხმობს არა მხოლოდ ჭეშმარიტების დაცვას, არამედ იმ ფორმის სიწმინდესაც, რომლითაც ამ ჭეშმარიტებას გამოვხატავთ.

ამრიგად, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საფუძველი ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება უნდა იყოს. სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, ხოლო ეკლესიის მხრიდან საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი კეთილგანწყობილი, მაგრამ პრინციპული დამოკიდებულება ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება. ეკლესიის ხმა არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტი, მაგრამ არც მისი დადუმება შეიძლება იქცეს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნების პირობად.

ქრისტიანული ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უთანხმოების არარსებობას არ ნიშნავს. იგი სიმართლის, ურთიერთპატივისცემის, სინანულისა და პასუხისმგებლობის აღიარების საფუძველზე მიიღწევა. ეკლესიის მწყემსის ვალია, საჭიროების შემთხვევაში შეახსენოს საზოგადოებას ეს ღირებულებები, ხოლო საზოგადოების ვალია, მის სიტყვას არა წინასწარი პოლიტიკური განწყობით, არამედ საღი მსჯელობითა და ქრისტიანული პასუხისმგებლობით მიუდგეს.

საბოლოოდ, ეკლესიის სიძლიერე არც ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში მდგომარეობს და არც მის უპირობო მხარდაჭერაში. მისი ჭეშმარიტი სიძლიერე სახარებისადმი ერთგულებაშია – იმ უცვლელ მოწოდებაში, რომელიც ერთდროულად მოითხოვს სიმართლის თქმას, სიყვარულის შენარჩუნებას, ადამიანის ღირსების პატივისცემასა და საერთო სიკეთისათვის ზრუნვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ