რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგება ეპარქიის დღესასწაულზე
„დღეს მცდელობაა ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის, როდესაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირს კი ჭეშმარიტების ხმამაღლა თქმა უჭირს“.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ეპარქიის დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე, ხელოვნური ინტელექტის გავრცელებაზე, ანტიქრისტეს მოსვლისთვის საზოგადოების მომზადების საფრთხეებზე, ასევე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასა და სასულიერო პირთა პასუხისმგებლობაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მზადება დაწყებულია ანტიქრისტეს მოსასვლელად. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოება ანტიქრისტესთან შესახვედრად მოემზადოს. ეს პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობს. დღეს ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ადამიანმა თითქოს გონიერება დაკარგა, ხოლო სხვადასხვა საგანს „ჭკვიანი“ ვუწოდეთ — ჭკვიანი უთო, ჭკვიანი ტაფა, ჭკვიანი ქვაბი. ამ დროს კი ზოგჯერ ცხოველებიც კი ადამიანებზე უფრო გონიერ არსებებად წარმოჩნდებიან.
რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ სწორედ იმ დროში ვცხოვრობთ, რომელზეც წმინდა ანტონი დიდი წინასწარმეტყველებდა: დადგება დრო, როდესაც ადამიანებს გონება აეხდებათო. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება.
არსებობს წინასწარმეტყველებაც იმის შესახებ, რომ ხალხი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წავა, დასავლეთიდან კი აღმოსავლეთისკენ. შეხედეთ, რა მასშტაბის მიგრაციული პროცესებია დღეს მთელ მსოფლიოში. ადამიანთა მასები გადაადგილდება, რადგან ყველა საარსებო წყაროს ეძებს, რათა გადარჩეს.
დღეს ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებას. ვხედავთ, რომ ადამიანები მასთან ურთიერთობაში შედიან, არადა ვიცით, რომ უამრავი ტექნოლოგია ეშმაკის შთაგონებით არის შექმნილი“, — აღნიშნა მეუფე იობმა.
მიტროპოლიტმა განსაკუთრებული ყურადღება ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხსაც დაუთმო. მისი შეფასებით, სახელმწიფოზე ეკლესიის ფინანსური დამოკიდებულება შესაძლოა ეკლესიის თავისუფლებისა და სასულიერო პირთა მხრიდან სიმართლის თავისუფლად გამოხატვის შემაფერხებელ გარემოებად იქცეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ეკლესიური, არ არის მორწმუნე. დღეს მცდელობაა ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ ეკლესიას სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც სასულიერო პირებში კომფორტი იქმნება, ძალიან რთული ხდება ჭეშმარიტების აღიარება და სულიწმინდის კარნახით მოქმედება. ამაში დარწმუნებული ვართ.
დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა — საკუთარი პირობებითა და მომსახურებით. მრევლისთვის რთულად გასაგებია, როდესაც სასულიერო პირი ქადაგებს გაჭირვებისა და სიღარიბის დათმენის, მოყვასის დახმარების აუცილებლობის შესახებ, თავად კი ამ პრინციპებით არ ცხოვრობს. როგორ უნდა შეისმინოს მრევლმა, როგორ უნდა მიიღონ ეს სულიერმა შვილებმა?
მე ერთ-ერთ წმინდა სხდომაზე, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ აღდგენილიყო ძველი წესი — მორწმუნეს ეკლესიისთვის საკუთარი შემოსავლის 10 პროცენტი შეეწირა. ვფიქრობ, ეს გაცილებით უკეთესი და გამართლებული იქნებოდა.
თანამედროვე ეპოქაში ამის მაგალითად შეგვიძლია საბერძნეთის ეკლესია მოვიყვანოთ. იქ სასულიერო პირებს ხელფასებს სახელმწიფო უხდის და ეკლესია მთლიანად მთავრობისგან ფინანსდება. რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი? სახელმწიფომ ერთსქესიანთა ქორწინების კანონი მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს კანონი მიიღო, სასულიერო პირები ზეიმით ხვდებიან. სწორედ ასე იშლება სასულიერო პირთა სახელი.
საქართველოშიც შეინიშნება მსგავსი ნიშნები. დღეს დიდ იერარქსაც კი შესაძლოა გაუჭირდეს სიმართლის თქმა და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, რადგან ეკლესია ძირითადად სახელმწიფოსგან ფინანსდება.
თუ ამ ყველაფერზე შევთანხმდებით, თითოეულმა მრევლის წევრმა უნდა იცოდეს, სად მიდის ეკლესიისთვის გამოყოფილი ფინანსები და რაში იხარჯება ისინი. თუმცა, სამწუხაროდ, ესეც ყველასთვის ცნობილი არ არის“, — განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
მეუფე იობის ქადაგების მთავარი გზავნილი თანამედროვე გამოწვევების ფონზე სულიერი სიფხიზლის, ეკლესიის თავისუფლების, სასულიერო პირთა პირადი მაგალითისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უკავშირდებოდა. მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიის ავტორიტეტი მხოლოდ სიტყვით კი არა, სასულიერო პირთა ცხოვრებითა და საქმითაც უნდა დასტურდებოდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი იობი პარეხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
