ტრაგედია იორდანიაში და ქრისტიანთა დევნის მძიმე რეალობა XXI საუკუნეში

დღეს 13:11
0
ტრაგედია იორდანიაში. ფოტო: მჟკ ტრაგედია იორდანიაში. ფოტო: მჟკ

იორდანია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ისტორიულად გამოირჩეოდა შედარებითი სტაბილურობითა და მუსლიმებსა თუ ქრისტიანებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციით, შოკში ჩააგდო სოფელ ჰმუდში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა. 

მსოფლიო კიდევ ერთმა ტრაგიკულმა მოვლენამ შეძრა, რომელმაც კიდევ ერთხელ წამოწია წინ გლობალური უსაფრთხოების, რელიგიური შეუწყნარებლობისა და უმცირესობათა უფლებების საკითხი. იორდანიის სამხრეთით, კარაკის პროვინციაში მდებარე სოფელ ჰმუდში, წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალვის ცერემონიის დროს შეიარაღებული ტერორისტები შეიჭრნენ. ამ სისხლიანმა თავდასხმამ არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოება დააზარალა, არამედ კიდევ ერთხელ გაახსენა საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რამდენად მყიფეა ქრისტიანული თემების უსაფრთხოება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ამ თემაზე აშშ-ში მამაკაცს 60 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მღვდლისთვის მუქარის გამო მსახურების დროს
ამერიკელი ცდილობდა პასპორტების სროლას ეკლესიის მსახურების დროს, ხოლო თავდასხმამდე მოკლა თავისი ძმა.

იორდანია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ისტორიულად გამოირჩეოდა შედარებითი სტაბილურობითა და მუსლიმებსა თუ ქრისტიანებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციით, შოკში ჩააგდო სოფელ ჰმუდში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა. თავდასხმა მოხდა პარასკევს, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე. 3 შეიარაღებული ნიღბიანი ტერორისტი ტაძრის ტერიტორიაზე დაკრძალვის პროცესიის დროს გამოჩნდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიის ეზოსა და შენობაში მყოფ 150-ზე მეტ მრევლს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, ხოლო 40-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. როგორც CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, თავდასხმა დიდხანს გრძელდებოდა და თავდამსხმელები არაბულ სიტყვებს ყვიროდნენ, ისროდნენ ეკლესიის ეზოში, სადაც ხალხის უმეტესობა იდგა დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ადგილობრივი ქრისტიანული თემის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები და საზოგადო მოღვაწეები.

იორდანიის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. ქვეყნის მეფემ - აბდულა II-მ და მთავრობამ მკაცრად დაგმეს თავდასხმა და სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის დროს ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება დაშავებულებს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ტერორიზმს არ აქვს რელიგია და მისი მიზანი საზოგადოებაში შუღლის დათესვაა. ეს თავდასხმა იორდანიის ქრისტიანულ თემზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ძალადობრივ აქტად შეფასდა.

ამ თემაზე იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღსანიშნავია, რომ იორდანიაში არსებული მართლმადიდებლური თემი და იქ მდებარე ტაძრები სრულად იმყოფება იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ. იერუსალიმის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია ისტორიულად მოიცავს არა მხოლოდ ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს, არამედ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსაც. იორდანიაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები (რომელთა დიდ ნაწილსაც ადგილობრივი არაბი მართლმადიდებლები შეადგენენ) სულიერად იერუსალიმის პატრიარქს ექვემდებარებიან, ხოლო ადგილობრივ დონეზე რეგიონს მართავენ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრები. სწორედ ამიტომ, ჰმუდის ტაძარში მომხდარი ტრაგედიის გამო პირველი ოფიციალური საეკლესიო განცხადებები და მწვავე შეფასებები სწორედ იერუსალიმის საპატრიარქოდან და პატრიარქ თეოფილე III-ის მხრიდან გავრცელდა, რომელმაც იორდანია პირადად მოინახულა. იგი ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ და დაშავებულებს ოჯახებს საავადმყოფოებში შეხვდა. მან საჯაროდ განაცხადა: „საუკუნოდ იყოს ხსენება დაღუპულთა, ხოლო უფალმა შეიწყალოს მათი სულები, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები, დაშავდა და გაიზიარა ამ ტრაგედიის მძიმე ტკივილი“. თავის პოზიციაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სისასტიკე არის „ბნელი და ექსტრემისტული იდეოლოგიის“ გამოვლინება, რომელიც სრულიად უცხოა იორდანიის საზოგადოებისთვის და იმ მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციისთვის, რაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობს.

უნდა ითქვას, რომ ჰმუდის ტრაგედია განცალკევებული ინციდენტი არ არის; ეს არის ნაწილი იმ გლობალური ტენდენციისა, რომელსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ყოველწლიურად ადასტურებენ. მსოფლიოში 360 მილიონზე მეტი ქრისტიანი განიცდის მაღალი დონის დევნას, დისკრიმინაციასა და ძალადობას თავისი რელიგიური მრწამსის გამო. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 7 ქრისტიანიდან 1 პოტენციური საფრთხის წინაშე დგას.

ისტორიულად ქრისტიანობის აკვანად მიჩნეულ რეგიონში ქრისტიანული მოსახლეობის წილი კატასტროფულად შემცირდა. ერაყსა და სირიაში ომების, ISIS-ის ტერორისა და მუდმივი დევნის გამო მილიონობით ქრისტიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. იორდანიასა და ლიბანში, სადაც შედარებით უსაფრთხო გარემო იყო, ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურება ახალ საფრთხეებს უქმნის დარჩენილ უმცირესობებს.

განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაციაა აფრიკაში, კერძოდ, სუბსაჰარულ აფრიკაში (ნიგერია, ბურკინა-ფასო, მალი, სომალი). ეს რეგიონი დღესდღეობით ქრისტიანთათვის ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. მხოლოდ ნიგერიაში ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი იღუპება ექსტრემისტული დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად. ტაძრების გადაწვა, მღვდელმსახურთა გატაცება და მთელი სოფლების დარბევა ყოველდღიურ რეალობად იქცა. დაახლოებით იგივე რეალობის წინაშე დგას აზიის ქვეყნებიც.

ამ თემაზე 2024 წელს აშშ-ში ეკლესიებზე 400-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა
ანგარიშის თანახმად, იარაღის გამოყენებით მომხდარი ინციდენტების რაოდენობა გაორმაგდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა, ქრისტიანთა დევნა ხშირად რჩება გლობალური მედიისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ჩრდილში. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება - დასავლურ სამყაროში ქრისტიანობა აღიქმება როგორც დომინანტური და ძლიერი ინსტიტუტი, რის გამოც საზოგადოებას უჭირს იმის გააზრება, რომ აზიასა, თუ აფრიკაში ქრისტიანები უმწეო უმცირესობას წარმოადგენენ. საერთაშორისო დიპლომატია ხშირად ერიდება რელიგიურ ნიადაგზე დევნის საკითხის მკვეთრად დაყენებას, რათა არ დააზიანოს ეკონომიკური ან სტრატეგიული ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, სადაც ეს დარღვევები ხდება. საერთაშორისო დღის წესრიგის განმსაზღვრელები ხშირად ვერ იაზრებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში, აზიასა თუ აფრიკაში ქრისტიანები წარმოადგენენ მოწყვლად, ხშირად უმწეო უმცირესობას, რომლებიც სისტემურ დევნასა და ფიზიკურ განადგურებას განიცდიან.

რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფუნდამენტური ნაწილია. ქრისტიანებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ჯგუფს, სჭირდებათ და ეკუთვნით სრული საერთაშორისო დაცვა, სოლიდარობა და მხარდაჭერა. იორდანიაში, წმინდა გიორგის ტაძარში დაღვრილი სისხლი კიდევ ერთი განგაშის ზარია. ეს ტრაგედია გვიჩვენებს, რომ ტერორიზმი და რელიგიური სიძულვილი არ ცნობს საზღვრებს და ემუქრება ყველას, ვინც მშვიდობიანად ცდილობს საკუთარი რწმენის აღსრულებას. საერთაშორისო თანამეგობრობამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და მსოფლიო ლიდერებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები: არამხოლოდ ტერორისტული აქტების დაგმობით, არამედ რელიგიური უმცირესობების დაცვის რეალური მექანიზმების შექმნითა და იმ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლით, სადაც სარწმუნოების გამო ადამიანების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ