პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობა

2825
23 მაისი 20:29
27
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-7 კვირას პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამებს იხსენებს.

ზატიკის პერიოდი (აღდგომიდან ყოველთა წმინდანთა კვირამდე) ეკლესიისთვის განსაკუთრებით საზეიმოა, რადგან ქრისტეს კრებული საყოველთაოდ განადიდებს ისეთ მოვლენებს, რომელთაც უდიდესწილად განსაზღვრეს ეკლესიის ბედი. ასეთ მოვლენათა შორის უდავოდ კაშკაშებს ნიკეაში შეკრებილი მამების ერთობა.

IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობას ლეგალური სტატუსი მიანიჭა, ეკლესია უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. გარეშე მტრებისა და დევნისგან გათავისუფლებულმა ქრისტიანულმა სამყარომ შიდა, ინტელექტუალური დაპირისპირების ეპიცენტრში გადაინაცვლა. დავამ, რომელმაც შეარყია იმპერიის პოლიტიკური და რელიგიური სტაბილურობა, ისტორიაში „არიანული ერესის“ სახელით შევიდა.

ეს იყო ბრძოლა ქრისტიანობის ფუნდამენტური დოგმატების - იესო ქრისტეს ბუნებისა და სამების არსის განსასაზღვრად.

კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა არიოზმა, ალექსანდრიელმა მღვდელმა, რომელიც ცდილობდა დაეცვა მკაცრი მონოთეიზმის იდეა, რომ ღმერთი არის აბსოლუტურად ერთი, ტრანსცენდენტული და უცვლელი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, არიოზმა წამოაყენა თეზისი: ძე ღმერთი (იესო ქრისტე) არ არის მამა ღმერთის თანასწორი და თანაარსი.

დაპირისპირება ალექსანდრიაში იმდენად გამწვავდა, რომ იმპერატორი კონსტანტინე იძულებული გახდა ჩარეულიყო. მისთვის რელიგიური ერთობა იმპერიის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა მოეწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელიც აღნიშნული საკითხის ირგვლივ იმსჯელებდა და ჭეშმარიტ სწავლებას განსაზღვრავდა. ამგვარად, ისტორიაში პირველად პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 325 წელს ქალაქ ნიკეაში, (თანამედროვე იზნიკი, თურქეთი) იმპერატორ კონსტანტინე დიდის ინიციატივითა და ორგანიზებით.

პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც მთელი იმპერიის მასშტაბით ეკლესიის მეთაურები ერთად შეიკრიბნენ. საეკლესიო გადმოცემით, კრებაზე დამსწრე მღვდელმთავართა რიცხვი შეადგენდა 318 მამას, რომელთა შორის იყვნენ: ნიკოლოს მირონ-ლუკიელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი და ათანასე ალექსანდრიელი, მაშინ ჯერ კიდევ დიაკონი, რომელიც ალექსანდრე ალექსანდრიელს ახლდა თან. კრების მსვლელობა საკმაოდ ემოციური, დრამატული და დაძაბული აღმოჩნდა. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, კამათი იმდენად ემოციურ ფაზაში გადავიდა, რომ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმინდა ნიკოლოზმა, ვეღარ გაუძლო არიოზის მკრეხელურ სიტყვებს, მიუახლოვდა მას და სახეში გაარტყა, რის გამოც იგი დროებით საეპისკოპოსო პატივისგანაც კი გადააყენეს, თუმცა მოგვიანებით აღადგინეს.

კრების მსჯელობის ცენტრალური და ყველაზე დრამატული ნაწილი ალექსანდრიელი მღვდლის, არიოზის თეორიას დაეთმო. კამათი არ ყოფილა ზედაპირული; საეკლესიო მამები კარგად აცნობიერებდნენ, რომ სასწორზე ქრისტიანული ხსნის (სოტერიოლოგიის) კონცეფცია იდო. წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელი, დიაკვან ათანასესთან ერთად,  ამტკიცებდა, რომ თუ იესო ქრისტე არის უმაღლესი ქმნილება (როგორც ამას არიოზი ამბობდა) და არა ძე ღვთისა, მას არ აქვს ძალა, რომ ადამიანი დააბრუნოს ღმერთთან, რადგან თვითონაც სხვა ბუნებისაა - ისიც ქმნილებაა. ქმნილებას კი არ შეუძლია მეორე ქმნილების ხსნა. არიოზი ამტკიცებდა, რომ ძე ღმერთი (იესო ქრისტე) იყო მამის მიერ შექმნილი უზენაესი ქმნილება, რომელსაც ჰქონდა დასაბამი. მისი ცნობილი ფრაზა იყო: „იყო დრო, როცა იგი არ არსებობდა“. არიოზის რაციონალისტურ მიდგომას, რომ შობა აუცილებლად დროში დასაბამს გულისხმობს, კრებამ დაუპირისპირა მარადიული შობის იდეა. კრების დასკვნით, ძე არის „შობილი და არა ქმნილი“. იგი მამისაგან იშვა დროისა და სამყაროს გაჩენამდე (მარადისობაში), ისევე როგორც სინათლე იშვება სინათლისგან. მართალია კრებაზე ორივე მხარე ეყრდნობოდა ბიბლიურ ტექსტებს, თუმცა კრების მამებმა არიოზის არგუმენტები წმინდა წერილის არასწორ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციად მიიჩნიეს.

საბოლოოდ, კრებამ არიანელობა დაგმო, როგორც მწვალებლობა (ერესი). მიიღეს „ნიკეის მრწამსი“, სადაც ჩაიწერა, რომ ძე ღმერთი არის მამის ერთარსი (Homoousios), შობილი და არა ქმნილი. თავად არიოზი და მისი ორი მომხრე ეპისკოპოსი შეაჩვენეს (ანათემას გადასცეს) და გადაასახლეს.

გარდა არიოზთან დაკავშირებული პრობლემისა, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შეეხო არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს, აღდგომის დღესასწაულის თარიღის განსაზღვრას. წმინდა მოციქულთასწორ კონსტანტინეს განსაკუთრებით აშფოთებდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ეკლესიათა შორის აზრთა სხვადასხვაობა. იმპერატორმა შეიტყო, რომ ზოგიერთები პასექის დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავდნენ და ამის გამო ერთმანეთთან არ ჰქონდათ თანაზიარება. ის ესწრაფოდა, რომ ეკლესია არიანელობასთან ერთად ამ ამბოხისგანაც დაეცვა.

ამიტომ ნიკეაში შეკრებილმა მამებმა ერთხმად განაჩინეს, რომ აღდგომის უწმინდესი დღესასწაული ერთსა და იმავე დღეს უნდა აღნიშნულიყო ყველა ადგილობრივ ეკლესიაში. თავის მხრივ, მოციქულთასწორმა კონსტანტინემ კრების დასრულების შემდეგ მრგვლივმოარული ეპისტოლე გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს ვინც ნიკეაში ჩამოსვლა ვერ შეძლო და შეატყობინა ის გადაწყვეტილება, რაც კრებამ აღდგომის აღნიშვნის შესახებ განაჩინა.

პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დასახული მიზნები ზედმიწევნით შეასრულა:

  • ჩამოაყალიბა ქრისტიანული რწმენის ოფიციალური დოგმატური ფორმულირება - მრწამსი.
  • მასში მკაფიოდ განიზღვრა მამა ღმერთისა და ძე ღმერთის ერთარსობა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამების დოგმატის ოფიციალურ აღიარებას;
  • არიოზის სწავლება ერესად (მწვალებლობად) გამოცხადდა.
  • კრებამ მიიღო 20 საეკლესიო კანონი, რომლებიც აწესრიგებდა ეკლესიის შიდა სტრუქტურას, იერარქიასა და დისციპლინას.

შეიძლება ითქვას, რომ ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ მომდევნო მსოფლიო კრებებს, არამედ კრებსითობის (სინოდალურობის) პრინციპს, როგორც ეკლესიის მართვისა და გლობალური პრობლემების გადაჭრის უზენაეს მოდელს. ნიკეის კრებამდე ეკლესიაში არსებობდა ადგილობრივი კრებების პრაქტიკა, როდესაც კონკრეტული რეგიონის ეპისკოპოსები იკრიბებოდნენ შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ნიკეის კრება იყო პირველი შემთხვევა, როცა რომის იმპერიის და მის ფარგლებს გარეთ არსებული მთელი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ. მან დაამკვიდრა პრეცედენტი, რომ ისეთი დოგმატური კრიზისი, რომელიც მთელ ეკლესიას ეხება, მხოლოდ საყოველთაო, მსოფლიო კრებებზე უნდა გადაწყდეს.

და მაინც, რატომ დააწესა ეკლესიამ პირველი მსოფლიო კრების მამათა ხსენება აღდგომიდან მე-7 კვირას? მიზეზი ამგვარია:

ა) აღდგომიდან მე-7 კვირა ყოველთვის მაისის თვეზე მოიწევა. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება კი სწორედ მაისის თვეში, კერძოდ 20 მაისს გაიხსნა;

ბ) მამების ხსენება განგებ დაწესდა აღდგომის შემდგომ პერიოდში, რადგან სწორედ მათ მიერ განისაზღვრა აღდგომის დღესასწაულის თარიღი, რომელიც მთელი ეკლესიისთვის საერთო გახდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ