ასურელ მამათა ღვაწლი

2825
07 მაისი 20:32
32
თორმეტი ასურელი მამა. ფოტო: მჟკ თორმეტი ასურელი მამა. ფოტო: მჟკ

საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს აღმოსავლეთიდან მოსულმა მოღვაწეთა მცირე ჯგუფმა, რომლებსაც ასურელი მამების სახელით ვიცნობთ.

ასურელი მამები საქართველოში წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით მოვიდნენ. გადმოცემის თანახმად, მათი მიზანი ქართლში სამონასტრო ცხოვრების დანერგვა და ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება იყო. ცნობები აღმოსავლელ მამათა შესახებ, სხვადასხვა წერილობით წყაროებშია დაცული. ერთ-ერთი ასეთია „ქართლის ცხოვრება“, კერძოდ, ჯუანშერის ცნობები, რომელიც წმინდა ვახტანგ გორგასლის შემდგომი პერიოდის აღწერისას აღნიშნავს, რომ „ფარსმანის-ზე მოვიდა იოვანე შუამდინარით, რომელსა ეწოდა ზედაზადნელი, განმანათლებელი ქართლისა და განმწმედელი შჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, რომელმან ქმნა სასწაულები და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკვირვნეს ყოველნი ქართველნი. დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა. სახელები წმიდათა მოწაფეთა: იოვანე ზედაზადენელი, დავით გარესჯელი, სტეფანე ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტომყოფელი, ისე წილკნელი, თათე (თადეოზ) სტეფანწმიდელი, შიო მღვიმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი. მრავალნი სხუანიც დაემოწაფნეს წმიდასა მას მამასა, კაცნი წმიდანი და სულიერნი მამანი“. თუკი მამათა ზედწოდებებიდან ვიმსჯელებთ, მათი სამოღვაწეო ასპარეზი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია იყო.

ერთი შეხედვით, საქართველო უკვე ქრისტიანული ქვეყანა იყო, ჰყავდა იერარქია, ჰქონდა ეკლესიები, თუმცა VI საუკუნეში ქვეყანა სულ სხვა ტიპის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა. იმ პერიოდში ქართლი სასანიდური ირანის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო. ირანელები არ სჯერდებოდნენ მხოლოდ პოლიტიკურ მორჩილებას, ისინი აქტიურად ცდილობდნენ ცეცხლთაყვანის-მცემლობის (მაზდეანობის) დამკვიდრებას. წმინდა აბიბოს ნეკრესელის ისტორია ყველაზე მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რამდენად დაძაბული იყო VI საუკუნის საქართველოში რელიგიურ-პოლიტიკური ფონი. მისი შემთხვევა არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური კამათი - ეს იყო პირდაპირი დაპირისპირება ორ იმპერიულ იდეოლოგიასა და კულტურას შორის. წმინდა აბიბოს ნეკრესელი მოღვაწეობდა კახეთში, კერძოდ ნეკრესში, სადაც სპარსელებს დამკვიდრებული ჰქონდათ მაზდეანური კულტი და ენთოთ „ჩაუქრობელი ცეცხლი“ (მაზდეანთა წმინდა რიტუალური ცეცხლი). ღირსმა მამამ გადადგა იმ დროისთვის წარმოუდგენლად რადიკალური ნაბიჯი: მან წყალი დაასხა და ჩააქრო სპარსთა „წმინდა ცეცხლი“. მაზდეანებისთვის ცეცხლი ღვთაებრივი იყო, წყალი კი - მისი (წყლის) მტერი. წმინდა აბიბოსმა ამ აქტით აჩვენა, რომ ცეცხლი მხოლოდ სტიქიაა და არა ღმერთი. მან ხალხს დაანახა, რომ სპარსული კერპები უძლურნი იყვნენ ქრისტიანი მღვდელმთავრის წინაშე. მართალია ამ ფაქტის გამო, ღირსი მამა სიკვდილით დასაჯეს, თუმცა, ის მთელი მაშინდელი ქრისტიანული საზოგადოებისათვის სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითად იქცა.

უაღრესად საინტერესოა თავად ღირსი იოანე ზედაზნელის ცხოვრება და ღვაწლი. ქრისტეს და მისი თორმეტი მოციქულის მსგავსად, იგი იყო ამ ღვაწლმოსილ ასურელ მამათა სულიერი ლიდერი და წინამძღოლი. ღირსმა მამამ საცხოვრებლად ზედაზნის მთა აირჩია. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევანი, რადგან ზედაზნის მთაზე აღმართული იყო კერპის, ზადენის ქანდაკება (საიდანაც მოდის მთის სახელი - „ზე-ზადენი“). იოანეს იქ დამკვიდრება კი ნიშნავდა ძველი წარმართული ღვთაების საბოლოო დამარცხებას და ადგილის გაწმენდას. ღირსი იოანე ზედაზნელის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო მოწაფეების სხვადასხვა მხარეს გაგზავნა. მან დაინახა, რომ მხოლოდ ერთ ადგილზე ყოფნით ქვეყანას ვერ შეცვლიდნენ. თავად წმინდა მოღვაწე სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა, უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და სულიერ შვილებს მზრუნველობას არ აკლებდა.

ასურელ მამათაგან ყველა განსაკუთრებულია. თითოეულის როდი უდიდესია, თუმცა, რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი. მათ შორისაა ღირსი შიო, საოცარი ასკეტიზმით გამორჩეული მამა, რომელმაც სამოღვაწეოდ არა უბრალოდ ტყე ან მთა, არამედ ღრმა მღვიმე აირჩია. ეს იყო სიმბოლო ამქვეყნიურობიდან სრული განდგომისა. მისი ეს ღვაწლი იმდენად შთამბეჭდავი ჩანდა, რომ მან ასობით მიმდევარი მოიზიდა და მალე მის ირგვლივ გაჩნდა ნამდვილი „სამონასტრო ქალაქი“ - შიომღვიმის მონასტერი, რომელიც დღემდე ქართული სამონაზვნე ტრადიციისა და ტიპიკონის ბურჯად რჩება.

გასაოცარია ღირსი დავით გარეჯელი, რომელმაც სამოღვაწეო ადგილად აირჩია აბსოლიტურად უკაცრიელი, უწყლო, მზით გადამწვარი და მკაცრი ნახევრად-უდაბნო, სადაც სიცოცხლე თითქმის შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, ღირსმა მამამ უკიდურესი სიმდაბლითა და სიყვარულით, განღმრთობის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ღირსი მამის ცხოვრება სავსე იყო ნიშ-სასწაულებით, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ უდაბნოს „ქალაქმყოფელი“. წმინდა მოღვაწის მიერ დაარსებული დავითგარეჯის სამონასტრი კომლექსი დღემდე ქართული მეუდაბნოე ცხოვრების ნათელ მაგალითად გვევლინება. ღირსმა დავით გარეჯელმა აჩვენა, რომ რწმენას შეუძლია გარემოს ფორმაცია. მან უნაყოფო, ნახევარუდაბნო მხარე საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს კულტურულ კერად აქცია. იერუსალიმიდან ჩამოტანილი „მადლის ქვის“ საოცარი ისტორია გარეჯს წმინდა მიწის სტატუსს ანიჭებდა. ღირსი დავითის მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა უნიკალურ სამონასტრო სკოლას, სადაც მხატვრობა და მწიგნობრობა ერთმანეთს ერწყმოდა.

აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე ასურელ მამათა მოღვაწეობა შეუფასებელია. თითოეულის მოღვაწეობა უნიკალური და მოციქულებრივი მადლის მატარებელია. ღირსმა მამებმა ჩამოაყალიბეს მძლავრი სამონასტრო ტრადიცია, რომელმაც ეკლესია ხალხთან დააახლოვა. მანამდე არსებული ეპისკოპოსების ინსტიტუტი ძირითადად ადმინისტრაციული ხასიათის იყო, ხოლო წმინდა მამათა მიერ დაარსებული მონასტრები იქცა ცოცხალ კერებად, სადაც ხალხი რეალურ სულიერ საყრდენს პოულობდა.

ამგვარად, ასურელი მამების მოსვლა არ იყო მხოლოდ "რიგითი მისიონერობა" - ეს იყო სისტემური რეფორმა, რომლის გარეშეც, ისტორიკოსთა დიდი ნაწილის აზრით, ქართული იდენტობა შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო. ასურელი მამები არ იყვნენ მხოლოდ ლოცვაზე კონცენტრირებული განდეგილი ბერები, ისინი იყვნენ სულიერი ლიდერები და რეფორმატორები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რომლებმაც შიში დაძლიეს და ქართლში რწმენა ეროვნულ თვითმყოფადობად აქციეს.

დასასრულს, ასურელ მამათათვის მიძღვნილი ანტონ კათალიკოსის საგალობელი გავიხსენოთ: „მოვედით, მორწმუნენო, და ყოვლად-ქებულთა მამათა შევასხმიდეთ: იოანეს, გვირგვინსა მოღუაწეთასა; აბიბოსს, მღდელობისა და მარტვილობისა სამკაულსა; ანტონის, მზესა მრავალმნათობსა; დავითს, ელვარესა მარგარიტსა; ზენონს, სუეტსა შუენიერისა მორჩილებისასა; თადეოზს, ძეგლსა საღმრთოჲსა სარწმუნოებისასა; ისეს, ორღანოსა ყოვლად-წმიდისა სიყუარულისასა; იოსებს, ყვავილსა სატრფიალოსა ქალწულებისასა; ისიდორეს, სამოთხესა სათნოებათასა; მიქაელს, ხატსა უზაკველისა სიმართლისასა; პიროსს, საღმრთოსა მგლოვარებისა მაგალითსა; სტეფანეს, სიმხნისა და მეცნიერებისა გვირგვინითა დიდებულსა; შიოს, ქართველთა მეფობისა სიმტკიცესა, რაჲთა ოხითა მათითა მოვიღოთ სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაჲ“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ