პენიტენციურ დაწესებულებებში მინის დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის სახელოსნოები მოეწყო

გუშინ 19:15
112
პენიტენციურ დაწესებულებებში მინის დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის სახელოსნოები მოეწყო. ფოტო: sazu პენიტენციურ დაწესებულებებში მინის დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის სახელოსნოები მოეწყო. ფოტო: sazu

მსჯავრდადებულები პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ, რაც მათ სასჯელის მოხდის შემდეგ დასაქმებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარება.

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის მცირე საწარმოები მოეწყო.

პროექტი მსჯავრდადებულთა პროფესიული განვითარების, რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ ხელობას, შექმნან მხატვრული ნაწარმი და შეიძინონ ცოდნა, რომელიც სასჯელის მოხდის შემდეგ დასაქმებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარებათ.

აღნიშნულ ინიციატივას, ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩაეყარა საფუძველი. პროექტი დღესაც წარმატებით ვითარდება და გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მზრუნველობითა და ლოცვა-კურთხევით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, №16 და №5 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მცირე საწარმოები დაათვალიერა. მსჯავრდადებულები პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების დასრულების შემდეგ მუდმივმოქმედ სახელოსნოებში გააგრძელებენ მუშაობას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ დირექტორი რეზო შარაბიძე.

ამ მიმართულებით სწავლება უკვე 40-მა მსჯავრდადებულმა გაიარა. მათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. თვითდასაქმების მსურველებს კი საკუთარი ნამუშევრების რეალიზების შესაძლებლობა მაღაზია „რე-მარკეტში“ ექნებათ.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული პროგრამა დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ