კაპელანები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვივნენ
აკადემიაში სამხედრო მოძღვრების ვიზიტის ფარგლებში სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე, რწმენის მნიშვნელობასა და სამხედრო სამსახურის პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
18 ნოემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას თავდაცვის ძალების კაპელანთა სრული შემადგენლობა ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში კაპელანებს აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე, რწმენის როლსა და სამშობლოს მსახურების მაღალ პასუხისმგებლობაზე.
აკადემიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში საქართველოსა და ქართული მხედრული ტრადიციის განსაკუთრებული მფარველის, წმინდა გიორგის ხატი მობრძანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, სამხედრო მოძღვრებთან ერთად სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.
კაპელანებისთვის ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებმა სამსახურებრივ საკითხებზე იმსჯელეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში კაპელანები ფსიქოლოგ რუსუდან კილაძესაც შეხვდნენ.
ვიზიტი გულთბილ ვითარებაში წარიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კაპელანების გადამზადების პროცესი გრძელდება.
