კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მიიღო
შეხვედრაზე პატრიარქმა ფეხბურთელებს სულიერი დარიგება მისცა, სპორტულთან ერთად სულიერ სარბიელზეც გამარჯვება უსურვა, დასასრულს კი სტუმრებს ჯვრები გადასცა.
2026 წლის 12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობამ მთელ ქვეყანას დიდი სიხარული მოუტანა. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ დადებით მაგალითზე, რომელსაც ისინი საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას, ქრისტიანული ფასეულობების საჯაროდ გამოხატვით აძლევენ.
პატრიარქმა ფეხბურთელებს სულიერი დარიგება მისცა და სპორტულთან ერთად სულიერ სარბიელზეც გამარჯვება უსურვა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს მხარდაჭერისა და დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუნდი კარგად აცნობიერებს ახალგაზრდა თაობის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და სამომავლო წარმატებებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მიღებისთვის მადლობა გადაუხადა პატრიარქს და ეროვნული ნაკრებისა და ფედერაციის სახელით
სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურა. მან აღნიშნა, რომ გუნდისთვის კათოლიკოს-პატრიარქისა და სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევა უმნიშვნელოვანესია, ხოლო საპატრიარქოში სტუმრობა მათთვის დიდი ბედნიერება და პატივია.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიის ეპარქიაში მიბრძანდა.
