თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიტროპოლიტ საბას საიუბილეო საღამო გაიმართა

დღეს 14:06
49
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას საიუბილეო საღამო. ფოტო: სასულიერო აკადემია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას საიუბილეო საღამო. ფოტო: სასულიერო აკადემია

მეუფე საბას დაბადებიდან 60, ხოლო მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

10 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) საიუბილეო საღამო გაიმართა. მეუფე საბას დაბადებიდან 60, ხოლო მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 30 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სასულიერო პირები და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სასწავლებლის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ მღვდელმთავართა საიუბილეო თარიღების აღნიშვნა აკადემიისა და სემინარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმაღლეს საეკლესიო იერარქიასთან უშუალო ურთიერთობისა და მათი მოღვაწეობის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

რექტორის განცხადებით, მიტროპოლიტ საბას საიუბილეო საღამოს სასწავლებელში გამართვის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მოიწონა და აკურთხა. მან ასევე გაიხსენა პატრიარქის ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში და მისი შეფასება ეპარქიაში განხორციელებული სულიერი აღმშენებლობის შესახებ.

მიტროპოლიტმა ანანიამ გაიხსენა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის დაარსების პერიოდი და მეუფე საბას მიერ გაწეული ღვაწლი. მისი შეფასებით, მიტროპოლიტმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეპარქია აღმშენებლობის გზაზე დააყენა. მან იგი „ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მშენებლად“ მოიხსენია.

მეუფე საბას იუბილე მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ. მან გაიხსენა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელმძღვანელობის პერიოდში სტუდენტებთან ურთიერთობა და მადლობა გადაუხადა რექტორს საიუბილეო შეხვედრის ორგანიზებისა და მსგავსი ღონისძიებების წამოწყებისთვის.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ მღვდელმთავრებსა და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლებს შორის ასეთი შეხვედრები ორივე მხარის სულიერ გამდიდრებას შეუწყობს ხელს. მან ასევე ისაუბრა მიტროპოლიტ საბას განსაკუთრებულ სიყვარულსა და თანადგომაზე აწ განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ.

მიტროპოლიტ საბას მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენა აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მისი თქმით, 1996 წელს დაარსებული ხონისა და სამტრედიის ეპარქია მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა მეუფე საბას ძალისხმევით მნიშვნელოვანი აღმშენებლობა განხორციელდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ეპარქიაში 85-მდე მოქმედი და მშენებარე ეკლესიაა.

მიტროპოლიტის ღვაწლსა და პატრიარქ ილია II-ისადმი მის სიყვარულზე ისაუბრა დეკანოზმა ბიძინა გუნიამაც. მან გაიხსენა მეუფე საბას სიტყვები — „პატრიარქო, გვიყვარხარ“, რომლებიც, მისი შეფასებით, მთელი საზოგადოების გულამდე მივიდა.

საიუბილეო საღამოზე მიტროპოლიტ საბას იუბილე მიულოცეს ასევე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორებმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და ედიშერ ჭელიძემ. მათ ხაზი გაუსვეს მეუფის პიროვნულ თვისებებს, ეკლესიისადმი ერთგულებასა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერას.

ღონისძიების დასასრულს სიტყვით თავად მიტროპოლიტმა საბამ მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა აკადემიის რექტორს, ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, სტუდენტებს კი სულიერი წინსვლისა და ერთობისკენ მოუწოდა.

„იქ, სადაც არის ერთგულება, იქ, სადაც არის ერთობა, არის წარმატებაც. დიდი მადლობა ყველას. არ ვიცი, რაში გამოგადგებით, მაგრამ არავის არასდროს დაგზარდებით, თუ რამ შემეძლება თქვენთვის“, — ბრძანა მეუფე საბამ.

საიუბილეო საღამოს დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუმრებს სასწავლებელში გამოცემული წიგნები გადასცა, მიტროპოლიტ საბას კი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სახელით პანაღია უსახსოვრა.

სტუმრებს ღონისძიების დასაწყისსა და დასასრულს აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდებმა საგალობლებით უმასპინძლეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ გელათის სასულიერო აკადემიაში სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ