თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
21 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის, საგანმანათლებლო აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის წარმომადგენელმა რუსუდან ვაშალომიძემ და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს მდივანმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. შეხვედრაში მონაწილეობდა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ფოტინე გუნიაც.
მომხსენებლებმა სტუმრებს გააცნეს ფაკულტეტზე სწავლების სპეციფიკა და ისაუბრეს სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მუზეუმებში ვიზიტებსა და კონფერენციებზე პრეზენტაციების წარდგენაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროგრამის განახლების გეგმაზეც, რომელიც საეკლესიო ტურიზმის მიმართულების დამატებას ითვალისწინებს. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს სასწავლებელში არსებულ თბილ და აკადემიურ გარემოზე.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები, გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები.
სასწავლებლისა და ფაკულტეტის საქმიანობის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმრებს შესთავაზეს სახელოვნებო გამოფენის მოწყობა, რომელზეც საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ. მოსწავლეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.
