ფილიპინები იესო ქრისტეს 207 მეტრის სიმაღლის ქანდაკების დადგმას გეგმავენ
პოლონურმა კომპანია Slipform-მა ფილიპინებისთვის იესო ქრისტეს 207 მეტრიანი ქანდაკება დააპროექტა.
შჩეცინში დაფუძნებულმა პოლონურმა კომპანია Slipform-მა ფილიპინების ქალაქ ილოკოს სურში იესო ქრისტეს 207 მეტრის სიმაღლის ქანდაკება დააპროექტა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლი გახდება.
კონცეფცია შეიმუშავეს არქიტექტორებმა იეჟი შპარადოვსკიმ და დანიელ კისალამ, ხოლო რენდერები შექმნეს იეჟი შპარადოვსკიმ და ევა გავრონმა. პროექტი ფილიპინელ ინვესტორს პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის, მანილაში ოფიციალური ვიზიტის დროს გადაეცა.
ინვესტორის დამტკიცების შემდეგ, დეველოპერები დეტალურ ტექნიკურ დოკუმენტაციას მოამზადებენ. დასრულების შემთხვევაში, 207 მეტრიანი ძეგლი ქრისტეს ყველა არსებულ ქანდაკებას გადააჭარბებს, მათ შორის ბრაზილიაში, ენკანტადოში, 43.5 მეტრიან ძეგლს და პოლონეთში, შვიებოძინში, 52.5 მეტრიან ქანდაკებას.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძეგლის რკინაბეტონის ბირთვის, რომლის სიმაღლე 200 მეტრზე მეტი იქნება, დასრულებას დაახლოებით 40 დღეში შევძლებთ“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ კისალამ. „ეს აჩვენებს შჩეცინში შემუშავებული ტექნოლოგიის პოტენციალს“. ინჟინრების გათვლებით, საყრდენი კონსტრუქციის ასაშენებლად 27 000 კუბურ მეტრამდე ბეტონი იქნება საჭირო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სომხეთში ამონტაჟებენ იესო ქრისტეს ყველაზე მაღალ ქანდაკებას.
