ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

1 აპრილი 12:58
261
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი. ფოტო: კულტურის სამინისტრო ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე პირველი პრეზიდენტის მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და თანამედროვე კულტურის განვითარებას მოემსახურება.

2026 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, ზუგდიდში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე — ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ცენტრი გახსნეს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

ახალი სივრცე წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციურ შენობას, რომელიც აერთიანებს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო და სალექციო სივრცეებს, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე საფონდო და სარესტავრაციო ლაბორატორიებს. ცენტრი მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას.

გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა — „თანამედროვე ქართული ხელოვნება“, სადაც წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ქართული ფერწერის მნიშვნელოვანი ნიმუშები, მათ შორის ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.

ასევე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე — „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები — ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ ჭანტურია და სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ფიფია, ასევე ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

საპრეზიდენტო ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაარსდა და ფუნქციონირებს საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში. შენობა აშენებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მიზნად ისახავს ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვან წარმოდგენასა და პოპულარიზაციას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარს სახურავს შეუცვლიან — თბილისის განვითარების ფონდმა 1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ