სტრასბურგის ქეთევან წამებულის ტაძარში გიორგობის საზეიმო ლიტურგია ჩატარდა
სულიერი ერთობისა და საქართველოსთვის ლოცვის დღე დიასპორის სამოციქულო ტაძარში.
2025 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, სტრასბურგის წმიდა ქეთევან წამებულის დედა ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
ლიტურგიაზე მრევლმა ილოცა საქართველოში მშვიდობისა და ჩვენი ხალხის ძალმოსილებისათვის.
ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:
,,წმიდა დიდმოწამე გიორგის მადლი და ძალა არ მოაკლდეს ჩვენს ქვეყანას. უკლებლივ ყველას გვეწეოდეს საქართველოშიც და მის გარეთაც!“
შეგახსენებთ, 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიამ გიორგობის დღესასწაული ზეიმით აღნიშნა.