16 სექტემბერს ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზს, ნიკომიდიელ ეპისკოპოსს მოიხსენიებს

2824
07:50
6
მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი. ფოტო: ღია წყარო მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი. ფოტო: ღია წყარო

წმინდა ანთიმოზი დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მმართველობის დროს, ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდში აღესრულა.

16 სექტემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზს, ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და მასთან ერთად ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებულ წმინდანებს მოიხსენიებდა.

წმინდა მოწამეები დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მმართველობის პერიოდში აღესრულნენ, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანთა წინააღმდეგ სასტიკი დევნა მიმდინარეობდა. ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის ხანძრის შემდეგ წარმართმა ხელისუფლებმა მომხდარში ქრისტიანები დაადანაშაულეს და მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყეს ანგარიშსწორება.

ამ პერიოდში ქრისტესთვის ეწამნენ წმინდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის მხილების გამო ქვებით ჩაქოლეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ასევე აღესრულნენ ყოფილი ქურუმი, წმინდა ქალწული დომნა და წმინდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ.

ნიკომიდიის ეპისკოპოსი ანთიმოზი, რომელიც დევნას განერიდა, მახლობელ სოფელში იყო გახიზნული. იგი ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და მათ ქრისტეს სარწმუნოებაში სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთ-ერთი ეპისტოლე, რომელიც დიაკონ თეოფილესთვის იყო გაგზავნილი, უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და სასტიკი წამებით აღესრულა, თუმცა წმინდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი არ გაუმხელია.

მოგვიანებით იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო, სად იმყოფებოდა ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. წმინდა ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, თუმცა მათ იგი ვერ იცნეს. ანთიმოზმა ისინი კეთილად მიიღო, უმასპინძლა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა.

მხედრებს შეეცოდათ მღვდელმთავარი და მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, თუმცა წმინდა ანთიმოზმა ამაზე უარი განაცხადა და მათ იმპერატორის ბრძანების შესრულება სთხოვა. წმინდა ეპისკოპოსის სიმტკიცითა და მოწმობით მხედრებმა ქრისტე ირწმუნეს და მოინათლნენ.

ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს. მაქსიმიანემ ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მის წინ დაეწყოთ. წმინდა მღვდელმთავარმა კი უშიშრად აღიარა ქრისტე და განაცხადა:

„მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს“.

წმინდა ანთიმოზი სასტიკად აწამეს და 302 წელს თავი მოჰკვეთეს. ეკლესია მას მღვდელმოწამედ იხსენიებს და მისი ხსენების დღეს, 16 სექტემბერს, განსაკუთრებული პატივით აღნიშნავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 სექტემბერს ეკლესია წმიდა დიდებულ მოწამე დედოფალ შუშანიკს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ